სიზმარი?!...



-    ადექი...

-    რა ხდება?...

-    გამომყევი...

-    სად მიგყავვარ?..

-    წამოდი ნახავ...

მინდორზე მიდიოდნენ, გრუნტის გზა იყო, მინდორს შუაზე კვეთდა... გზის გასწვრივ ბუჩქები ორივე მხარეს, კაცის სიმაღლეზე ცოტათი დიდი და მინდორში რა ხდებოდა არ ჩანდა... იმის იქით კი სადღაც შორს ხეების კენწეროები...

მხოლოდ ხმები ისმოდა... არაადამიანური; ბრძოლის, კვნესის, ჭურვის გასკდომის, გრუხუნის...

ცა არ ჩანდა, ნაცრისფერ ღრუბელს, კვამლს და ბუღს დაეფარა, თითქმის ბნელოდა...

წინ კი მხოლოდ მტვრიანი გრუნტის გზა იყო... ბოლო არ უჩანდა, თვალსაწიერის ბოლომდე სწორი და მტვრიანი...

გზაზე არავინ იყო, მხოლოდ ორნი მიდიოდნენ...

ჭურვები, რაკეტები და ბომბები თითქოს შეთანხმებულად ცდებოდნენ იქაურობას  და გვერდებზე - მინდორში ცვიოდნენ...

-    სად მივდივართ?...

-    ნუ ჩქარობ, წამომყევი...

გზა არ თავდებოდა, მიდოდნენ და მიდოდნენ... გამყოლი მგზავრი დაიღალა, ფეხები გაუხურდა, მუხლები სტკიოდა, სწყუროდა, ცხვირპირი მტვრით, დენთის და გვამის სუნით აევსო... ცოტაც და გონებას დაკარგავდა...

-    შეჩერდი, დავისვენოთ...

-    კი ბატონო

-    სად მიგყავვარ, ან აქ რა ხდება?...

-    აქ ომია...

-    და ჩვენ რა გვინდა აქ?...

-    ეს მინდორი უნდა გავიაროთ...

-    სხვა გზა არ არის?...

-    სხვა გზა არ დატოვეს...

-    მალე მივალთ?

-    არა, დიდხანს უნდა ვიაროთ, ძალიან რომ დაიღლები და იფიქრებ რომ მეტი აღარ შეგიძლია, მაშინ დასრულდება...

-    წამოდი ვიაროთ, რაც მალე წავალთ უკეთესია...

-    მოიცადე, არ იჩქარო, აზრი არ აქვს, უფრო მალე მაინც ვერ მიხვალ...

-    კარგი, მაშინ დავისვენოთ ცოტაც...

გრუხუნი, მსხვრევის ხმა, განწირული ადამიანების კვნესა, წუილი და ზუზუნი არ ჩერდებოდა, მგზავრი ხვდებოდა, რომ ამ ყველაფრის სმენა აგიჟებდა, ვეღარ ძლებდა...

-    რატომ ხდება ეს ყველაფერი?...

-    ასე უნდათ ადამიანებს...

-    რატომ, რისთვის?...

-    სხვანაირად ვერ ძლებენ, ასეთია ადამიანის ბუნება, განადგურების და დანგრევისკენ მიმართული, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ყველაფერი თითქოს კეთილი მოტივით, სიმართლის სახელით ან კარგი მიზნებისთვის კეთდება... პარადოქსია ხომ?...

-    წამოდი, გზა გავაგრძელოთ, ასე გავგიჟდები...

-    წამოდი...

დიდხანს მდუმარედ იარეს, ნელა და სვენებ-სვენებით მიდიოდნენ, პერიოდულად მათარას მოიმარჯვებდნენ და თითო ყლუპ წყალს სვამდნენ, ცოტა ჰქონდათ... ხმები არ წყდებოდა...

გრძნობდა როგორ ვეღარ აკონტროლებდა სხეულს, ყველანაირი ძალა გამოეცალა, თავბრუ დაეხვა და თვალებში ბინდი ჩამოწვა... ერთადერთი რისი დანახვაც მოასწრო, მისკენ სწრაფად მოძრავი თანამგზავრი იყო, რომელმაც მოასწრო და ხელი შეაშველა მოწყვეტით დაცემულ მგზავრს, თავი მიწაზე რომ არ დაერტყა...

 

* * *

- დილა მშვიდობისა საყვარელო, ადგომის დროა, სამსახურში დაგაგვიანდება...

ყველაზე ნაცნობი და საყვარელი ხმა ძილში ჩაესმა და გამოაღვიძა. შვებით ამოისუნთქა, თავის ოთახში იყო, თბილ და ნათელ ოთახში, თვალებანთებული წამოხტა...

სიზმარი ყოფილა; გაიფიქრა და სასწრაფოდ შეუდგა ჩაცმას...

ისაუზმა, თან წინა ღამის სიზმარზე ფიქრობდა: უცნაურად ეჩვენებოდა, ომზე საერთოდ არ უფიქრია რახანია, არც სადმე მოუსმენია ამ თემაზე წინა დღეებში, არც ფილმი უნახავს...

სახლიდან გასვლისას ტრადიციულად ცოლშვილს მიეფერა, კეთილი დღე უსურვა და სახლიდან გავიდა...

მშვიდი დღე იყო, მზიანი...

მეზობელს მიესალმა და მანქანასთან მივიდა, კარი გაარო და უნდა ჩამჯდარიყო, რომ ციდან ძალიან საშინელი და ნაცნობი ხმა მოესმა... აიხედა... დაინახა როგორ ეცემოდა ბომბი მის სახლს...

აფეთქების ტალღამ რამოდენიმე მეტრზე ისროლა და ქუჩის მეორე მხარეს ღობეს მიანარცხა, წამით გონება დაკარგა, მაგრამ მაშინვე წამოხტა სახლისკენ გაიქცა... თუმცა იქ სახლის მაგივრად ნანგრევები და ცეცხლის ალი იყო...

სახლში რა თქმა უნდა არავინ გადარჩა...

 

* * *

დასახლებულ პუნქტში შევიდნენ, საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს, მაგრამ სოფელი მაინც დაიკავეს...

მტრის უმეტესობა გაიქცა, ნაწილი დაიხოცა...

შემტევ მხარეს ერთი ჯარისკაცი განსაკუთრებით აქტიურობდა, უკვე ჩამცხრალი შეტაკების მერეც არ გაჩერებულა, სოფელში ყველა სახლი, ყველა სარდაფი და სხვენი დაათვალიერა...

უნდოდა მტრის ერთი ცოცხალი და დამალული ჯარისკაცი მაინც ენახა...

შურისძიება სწყუროდა...

თავის ასეულში ამით იყო გამორჩეული, აიღებდნენ თუ არა რომელიმე ადგილს, ყველაფერს მოივლიდა, თუ ვინმეს დამალულს იპოვიდა ადგილზე კლავდა...

 

სული სტკიოდა, ბოღმა, შურისძიების წყურვილი, საყვარელი ადამიანების მონატრება და მათთან დანაშაულის გრძნობა ერთმანეთში ჰქონდა არეული, ვერასდროს იძინებდა  - რაღაც პერიოდი სიფხიზლის და ღამისთევის მერე დაღლილობისგან ითიშებოდა, სულ ორი-სამი საათი ეძინა და საშინელი ყმულით წამოხტებოდა ხოლმე...

თუ მარტო რჩებოდა ტიროდა... ტიროდა თავისებს, ტიროდა მტრის ყოველ მოკლელ, შეშინებულ და სიკვდილის წინ მავედრებელი თვალებით მაყურებელ ჯარისკაცს, ისინიც სტკიოდა.... მაგრამ მერე ისევ ცოლშვილი ახსენდებოდა და შურისძიების გრძნობა ისევ უბინდავდა გონებას...

 

დანაყოფი მანქანაში განთავსდა, დაკავებული პუნქტი მთლიანად გაწმინდეს, დაისვენეს და ახლა ახალი ადგილისკენ გადაადგილდებოდნენ...

მინდორი ქონდათ გასავლელი, მერე ტყე იყო და ტყეში უნდა შეჯგუფებულიყვნენ, რომ შემდეგ მორიგი სოფლისაკენ დაძრულიყვნენ. კოლონა დაიძრა...

მინდორი საკმაოდ დიდი იყო, ორი მხრიდან ტყე, მესამე მხარეს კი ბუჩქნარი ჩანდა... ნახევრად გადალახული ჰქონდათ როდესაც ბრძოლა ატყდა, საარტილერიო, საავიაციო ჭურვები და რაკეტები ყველა მხრიდან მოფრინავდნენ, საპასუხო ცეცხლიც მაშნვე გაიხსნა, კოლონას ზურგიდან არტილერია დაეხმარა...

მანქანას ჭურვი მოხვდა, აფეთქდა...

ჯარისკაცი ტალღამ მოისროლა და მინდორში დაეცა, ტკივილს ვერ გრძნობდა,  არა მხოლოდ ტკივილს, თითქმის მთელ სხეულს... ტანზე დაიხედა: ორივე ფეხი მოწყვეტილი ქონდა, მაგრამ არ სტკიოდა, უბრალოდ ვერ გრძნობდა,

ზევით აიხედა...

ცა არ ჩანდა, ნაცრისფერ ღრუბელს, კვამლს და ბუღს დაეფარა, თითქმის ბნელოდა...

ირგვლივ ტყე იყო, ერთ მხარეს კი ადამიანზე ოდნავ მაღალი ბუჩქნარი... სცადა ბუჩქნარისკენ გახოხებულიყო, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა, თვალები დახუჭა... ამ დროს  მეორე ჭურვის ნასხვრევი მოხვდა თავში...

 

* * *

მიმოიხედა, ირგვლივ მხოლოდ თეთრი ნათელი სივრცე იყო, ვერაფერს გრძნობდა, არც არანაირი ემოცია, ვერ ხვდებოდა იჯდა, იდგა თუ იწვა... უბრალოდ იყო...

-    გამარჯობა...

ხმა ეცნო... გახედა... მისი თანამგზავრი იყო, ყველაფერი გაახსენდა:

-    გაგიმარჯოს, მოვკვდი?... სად ვარ?...

-    არსად არ ხარ, უბრალოდ ხარ...

-    რატომ მანახე წინა დღეს სიზმარი?

-    არ იყო სიზმარი, იქ ერთად ვიყავით

-    რატომ?

-    იმიტომ, რომ მზად ყოფილიყავი

-    რატომ არ ამარიდე?

-    უნდა გაგევლო...

-    ?!...

-    შენ ხომ ადამიანი ხარ, ადამიანებს კი სხვანაირად არ შეუძლიათ, უნდა გაიარონ

-    და ის ტკივილები, ტანჯვა და კოშმარი?

-    ახლა გრძნობ რამეს?

-    ვერა...

-    სამაგიეროდ იცი...

-    ახლა რა იქნება?

-    იქნება ის რაც შენ გენდომება, გინდა დაბრუნდე?

-    არა

-    მაშინ არაფერი არ იქნება

-    და ახლა სად ვარ?

-    არსად

* * *

თვითმფრინავის პილოტი სახლში დაბრუნდა, რამოდენიმე დღეში დაურეკეს, ნაწილში გამოიძახეს და საბრძოლო მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვეს...

 

ტატო

26 აგვისტო 2022

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *