"ფილოსოფიური ჩანახატი"

ლადოს დილით ჩვეულებრივზე მთელი ერთი საათით ადრე გაეღვიძა. ადგა, ისაუზმა, მოწესრიგდა, მიხედ-მოიხედა და აღმოაჩინა, რომ მთელი ერთი საათი ჰქონდა თავისუფალი. გადაწყვიტა ინსტიტუტში ფეხით წასულიყო.
სადრბაზოდან გამოვიდა, ქუჩას გაუყვა და ძალიან მალე ფიქრებში ჩაიძირა. ფიქრი ძალიან უყვარდა, ფიქრობდა ყველგან და ყოველთვის; სახლში, ლექციებზე, ტრანსპორტში, სადილობისას, ტელევიზორის ყურებისას და ძილის წინ, ხომ თავისთავად.

რაზე ფიქრობდა ხოლმე?!...
რაზეც გნებავთ. მაგალითად: როგორი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება იქნებოდა მართებული, ბურუნდის რესპუბლიკისათვის, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში...

როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ბრაზილიის საგადასახადო კანონმდებლობა... რომელი უფრო დიდი ფეხბურთელი იყო: ბეკენბაუერი თუ კრუიფი,

ან რომელ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში შეიძლებოდა სალვადორ დალის სიურელისტური იდეების ფესვების ძიება, პლატონისეულ იდეალიზმში, თუ ენგელსისეულ მატერიალიზმში...

მოკლედ ლადოსათვის ფიქრი, ჩვეული მდგომარეობა იყო. ამჯერად ინსტიტუტისაკენ მიმავალი ახალგაზრდის ინტერესის საგანს საკმაოდ ბანალური, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მეტად საკამათო თემა წარმოადგენდა: სიყვარული, უფრო ზუსტად კი, ერთი ნახვით შეყვარების არსებობა-არარსებობა:

”თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი ადამიანი დამოუკიდებლად მოაზროვნე ინდივიდია, თავისი ფიქრებით, სურვილებითა და ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით, გამოდის, რომ ერთი ნახვით შეყვარება შეუძლებელია. რადგან, ეგრედ წოდებულ ერთი ნახვით შეყვარების დროს საქმე გვაქვს გარეგნული ეფექტით გამოწვეულ ხიბლთან, სიყვარული კი თავისი არსით ორი ადამიანის ურთიერთიბას გულისხმობს, შესაბამისად მხოლოდ დანახვით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, შეძლებს თუ არა ეს ორი სუბიექტი ერთმანეთთან ურთიერთობას, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მათ განსხვავებული ინტერესები, გემოვნება და აზროვნება ჰქონდეთ...

აქ შეიძლება შეიძლება ვინმემ აპელირება გააკეთოს იმაზე, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ჯანსაღი სულის ორი ადამიანი ერთმანეთთან უამრავ საერთოს იპოვის, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ეს ციტატა ნაკლებად არის თემასთან კავშირში, ეს ეხება იმას, რომ რაც უფრო ნაკლები გარეგნული ნაკლი აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლები კომპლექსი აწუხებს... აქ გრძნობები არაფერ შუაშია, აქ საუბარი უფრო აზროვნების...”

-უკაცრავად!...

შემთხვევით დაჯახებულმა ვიღაც გამვლელმა ფიქრი შეაწყვეტინა.
უცნობმა ბოდიში მოიხადა და გზა განაგრძო, აზრგაწყვეტილმა ლადომ კი ინტერესით მოათვალიერა ქუჩა და გაკვირვებულმა მთელი სიცხადით დაინახა ის, რაც ფიქრით გართულს, არასდროს შეუმჩნევია:

ქუჩის სავალი ნაწილი მანქანებით იყო გაჭედილი, მიდიოდნენ ნელა და უწესრიგოდ. ყველა წინ გაძვრომას, სადღაც შეხვევას ან გაჩერებას ცდილობდა. ისმოდა სიგნალების ჭყვიტინი და და მანქანების ფანჯრებში თავგამოყოფილი მძღოლების ბილწსიტყვაობა...

ტროტუარებზე ნაგავი ეყარა. ფეხით მოსიარულეები შუბლშეკრულები და აჩქარებულები მოძრაობდნენ, არავინ იღიმოდა და არავინ სეირნობდა.

ასიოდე მეტრის რადიუსში ათი თუ თერთმეტი მათხოვარი ჩამომჯდარიყო; კიბის, კედლის ან ჯიხურის ძირას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იდგა ათასგვარი წვრილმანით დატვირთული დახლი და მათ გვერდით მჯდომ ადამიანებს, მათხოვრებზე არანაკლებ შეურაცხყოფილი და მავედრებელი თვალები ჰქონდათ.
იქვე მკვირცხლთვალებიანი ჯიბგირი იდგა და ცდილობდა ამოეცნო, გამვლელთა შორის რომელს ექნებოდა ჯიბეში ბევრი ფული, ან კარგი ტელეფონი...
ახალგაზრდა ფილოსოფოსი დაიბნა, ვერაფრით დაიჯერა, რომ ეს იმ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა იყო სადაც თვითონ ცხოვრობდა და ყოველ დღე დადიოდა.
საშინლად არ მოეწონა და კვლავ რაციონალურ სიყვარულზე ფიქრებში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მის გონებაში პლატონისა და ფროიდის ადგილი ერთ მოხუც მათხოვარს დაეკავებინა, რომელიც ქვის კიბეზე იჯდა, ფეხები მოეკეცა, ხელები მუხლისთავებზე შემოეწყო, თვალები ძველი-გახუნებული ქუდის ქვეშ დაემალა და მხოლოდ მადლობის სათქმელად ამოხედავდა ხოლმე რომელიმე აჩქარებულ გამვლელს, რომელიც მის წინ დაგდებულ მუყაოს ნაგლეჯზე ხურდის დასაყრელად სულ რამოდენიმე წამით ჩერდებოდა.
გაოგნებულმა ლადომ კიდევ ერთხელ მოავლო ქუჩას თვალი... არა და არ უნდოდა ნანახის დაჯერება, სწრაფად წავიდა მეორე ქუჩისკენ, იმის იმედით რომ იქ მაინც ნახავდა უკეთეს სურათს, მაგრამ ყოველ ახალ შესახვევსა და გზაჯვარედინს ახალი იმედგაცრუება მოჰქონდა: ჭუჭყი, ნაგავი, ხმაური, მათხოვრები, დახლები, ჯიბგირები...
ბიჭს ყველა იდეალი ერთი ხელს მოსმით დაენგრა. ის მაღალი მატერიები დაზოგადსაკაცობრიო საკითხები, რომლთაც მთელ თავის დროს, აზროვნებასა და ენერგიას ახარჯავდა მხოლოდ სადრაც შორს, თეორიაში, ბიბლიოთეკის თაროებსა და კაბინეტებში აღმოჩნდა გამოსადეგი. აქ, რეალობაში კი სულ სხვა რამ ხდებოდა: ბრძოლა არსებობისათვის.
ეს იყო ჯუნგლები, სადაც ძლიერი მაძღარია-სუსტი კი ქვის კიბეზე ზის. აღმოჩნდა, რომ არსებობს თურმე სამყარო სადაც ინტელექტსა და მეცნიერებაზე მეტად, გაქნილი ტვინი და მარდი ფეხებია საჭირო.
აქ არ არის იმედი, სიხარული და თანაგრძნობა. აქ არის მხოლოდ ინსტინქტი გადარჩენისა და უსაზღვრო სევდა - ისიც ძველი, გახუნებული ქუდის ქვეშ დამალული...
თითქმის სირბილით მიმავალ ლადოს უკვე იმედი ეწურებოდა, რომ ნახავდა ამ ქალაქში ვინმეს - ან რამეს ისეთს, რაც იმედს, ხალისსა დასიყვარულს დაანახებდა და რამოდენიმე წუთში შეძულებული ცხოვრების მიმართ გულს მოუბრუნებდა.
ტროტუარზე ჩამოჯდომა და ხმამაღლა ღრიალი უნდოდა...
მორიგ შესახვევში შეუხვია, ქუჩას გახედა და... ხმა ვეღარ ამოიღო, დამუნჯებული მიაშტერდა... იმან შემოხედა და გულიანად გადაიკისკისა
* * *
მართამ ნახატს თვალი მოაშორა, ფუნჯი მოლბერტზე დადო, უკან გაიწია, ტილოს შორიდან გახედა, კმაყოფილმა გაიღიმა , მოეწონა -პეიზაჟი იყო, ნათელი და მხიარული... ძირითადად ბუნებას ხატავდა, ხალისიანი და თბილი ნახატები გამოსდიოდა...
თვითონაც ასეთი იყო, მხიარულსა და ენერგიულს, ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. მუდამ რაღაცას აკეთებდა, სადაც მოხვდებოდა ყველგან ხალისი მიჰქონდა, ვერ ეგუებოდა ზარმაცებს, უსაქმურებსა და მატყუარებს... თეთრი წერტილი იყო სევდისფერ ყოველდღიურობაში...
ჩვეულებისამებრ ადრე გაღვიძებულს სახლი მიელაგებინა, ოჯახის წევრებისათვის საუზმე მოემზადებინა , ახლა კი ცოტა დრო ჰქონდა და ხატავდა..,
კარგი გოგონა იყო მართა. მაღალი და ჯიშიანი, ცხოვრებას დიიდი, მხიარული თვალებით უყურებდა, მუდამ თმებაჩეჩილს ღიმილი უხდებოდა ძალიან. თუ მოიწყენდა ყველა ირგვლივ მყოფი თავს ძალაუნებურად დამნაშავედ ადა უხერხულად გრძნობდა, მაგრამ როგორც კი ამას შეამჩნებვდა მაშინვე გამიდარებდა ხოლმე... კეთილი იყო და არ უნდოდა თავისი ცუდი ხასიათი სხვებისთვისაც გადაედო...
მასწავლებლობა უნდოდა, ბავშვები უყვარდა ძალიან და დაწყებითი კლასების დამრიგებლობას აპირებდა. ნიჭიერი, დაკვირვებული და ყურადღებიანი იყო, ყველას უყვარდა და ყველასთან იმდენად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ აბეზარი თაყვანისმცემლებიც კი ვერ უბედავდნენ ზედმეტად შეწუხებას, ერიდებოდათ..
მუდმივად მოფუსფუსესა დაა საქმიანს ვერაფრით წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა მთელი დღის საათობით ჭორაობასა და ყავის სმაში, ტელევიზორის ყურებაში ან ძილში გატარება...
ცოტა ხანს კიდევ ხატა, მერე თავი დაანება და სახლიდან გასასვლელად მზადება დაიწყო. უამრავი რამ ჰქონდა გასაკეთებელი: ინსტიტუტში უნდა წასულიყო, მერე მეგობართან შეერბინა, კინოში წასვლაც უნდოდა საღამოს და მერე უნდა ემეცადინა... ყველაფერს ასწრებდა.
რამდენიმე წუთში მოწესრიგდა, სადრბაზოს კიბეზე სწრაფად ჩაირბინა, ქუჩაში გამოვიდა, მიმოიხედა და... გულიანად გადაკისკისა.
არავითარი ირონია და ცინიზმი. მართლაც ძალზე სასაცილო იყო სურათი რომელიც დაინახა: მის წინ თმაგაჩეჩილი, ქურთუკის ცალსაყელო აწეული, სწრაფად სიარულისაგან სახე აწითლებული მაღალი, სათვალიანი ბიჭი იდგა უძრავად. პირდაღებული, გაოცებული და ამავდროულად გახარებული თვალებით უყურებდა გოგონას და ხმას არ იღებდა...

-გამარჯობა
-გა..გამარჯობა...
-შენ რა გქვია?
-ლა... ლადო...
-მე მართა
-...
-რატომ მიყურებ ასე გაკვირვებული ლადო?!...
-.... დიდი მადლობა მართა..
-რისთვის მიხდი მადლობას?
-იმისთვის... იმისთვის, რომ არსებობ და იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი ხარ...
-..
-ნახვამდის მართა, კიდევ ერთხელ მადლობა
-კარგად იყავი...
---------------------
p.s.
არავითარი გაგრძელება, არავითარი შეხვედრები და ურთიერთობა. ლადო სახლში წავიდა, მართამ კი კიდევ ერთხელ გაუღიმა დაბნეულმა და ინსტიტუტის გზას დაადგა. რა ვიცი მგონი მასე ჯობდა, თორემ მერე ყველაფერი გაფუჭდებოდა...
.
ტატო

2003წელი

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *