Posts

Showing posts from August, 2003

ცხრა მთას იქით...

Image
დიდ ქალაქში ცხოვრობდა, გარეგნულად სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. დანარჩენებივით ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი ჰქონდა, სხვებივით საქმიანობდა, მიდიოდა, მოდიოდა, ფუსფუსებდა, სხვებივით გრძნობდა და განიცდიდა, მაგრამ სხვებზე მეტს ხედავდა. ხედავდა როგორ იკარგებოდა ადამიანებში სულიერება და გულის ხმა, როგორ იკიდებდა მათ შორის ფეხს ეგოიზმი, გაუტანლობა და დაუნდობლობა, კაცები და ქალები საკუთარ ნაჭუჭებში იკეტებოდნენ, ყველასა და ყველაფრის მიმართ გულგრილნი ხდებოდნენ, მხოლოდ საკუთარ მცირედ, ნივთიერ ბედნიერებაზე ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, ყველანი ერთნაირ, დაშტამპულ არსებებად იქცეოდნენ და მათი საცხოვრებელი გარემო დიდ უხილავ და უსულგულო მონსტრად ფორმირდებოდა. გაქრა ინდივიდი, ყველა რაღაცის შემადგენელი ნაწილი გახდა, ეს რაღაც ცივილიზაცია იყო, იქმნებოდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა ვისთვის და რატომ იქმნებოდა ეს ცივილიზაცია, მოქმედებებს მექანიკურად ასრულებდნენ, ღვთისაგან ბოძებული სალაღე და სიცოცხლით ტკბობის უნარი დაკარგეს. პიროვნებები აღარ არსებობდნენ, კაცები და ქალები საშუალო