* * *

 



- გამარჯობა!

- გაგიმარჯოს!...

- როგორ ხარ?

- ახლა უკვე კარგად...

- და მანამდე რა მოგსვლია?...

- რაღაცები დავკარგე...

- ?!...

- ადამიანები, უფრო სწორად ადამიანების მიმართ რწმენა... ტრადიციულად, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა მათ მიღალატეს, მათ უარმყვეს და ვერ დაინახეს რაც მათთვის მინდოდა...

- მერე?...

- მერე მეწყინა, გავბრაზდი, გავსასტიკდი... ვიყვირე, ვიჩხუბე... ავირიე და ჩემს ირგვლივ გარემოც ავრიე...

- ...

- მერე იმედი დავკარგე, დავიბენი და ბრძოლა შევწყვიტე...

- მანამდე იბრძოდი?

- კი, ყველაფრისთვის ვიბრძოდი, თუ რამე მაქვს, ყველაფერი ბრძოლით მაქვს მიღწეული, მონდომებით და ძალისხმევით...

- მერე რა მოხდა?

- მერე ბრძოლა რომ შევწყვიტე, მივხვდი, რომ სწორედ ამ ბრძოლით ვუშვებდი შეცდომას, არასწორი რამეებისთვის და ვინმეებისთვის ვიბრძოდი, ბრძოლა არ მეზარება, მაგრამ არც ის ადმაიანები იმსახურებდნენ ჩემ ბრძოლას და არც ის ამბები რისთვისაც ვიბრძოდი... 

- რისთვის და ვისთვის იბრძოდი?...

- რისთვის და მატერიალური პრობლემების დასალაგებლად, რაღაც თემების მოსაგვარებლად, უკეთესი მომავლის შესაქმნელად და ელემენტარული კომფორტის შესაქმნელად... მერე ყველაფერი დავკარგე და მივხვდი რომ არ ღირდა, ყველაფერი წარმავალია და არ ღირს ბრძოლად, უბრალოდ უნდა იყო იქ სადაც ხარ და აკეთო ის, რაც შეგიძლია, მართალი იყავი როდესაც ამბობდი - მოგეცემა იმდენი რამდენსაც დაიმსახურებო, არ უნდა მოიპოვო, უნდა იცხოვრო და მოგეცემა...

- და ვისთვის იბრძოდი?...

- ვისთვის და საყვარელი ადამიანის პატივისცემის დამსახურებისთვის, ვერასდროს მივაღწიე… ჩემ თავში ვეძებდი პრობლემას, თითქოს მივაგნებდი, მოვაგვარებდი, თუმცა რეალობა არ იცვლებოდა, ყველაფერი იმავე წრეზე მიდიოდა, მერე ვბრაზდებოდი და ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი არ არის - ან არის მაგრამ იმდენად არ მომწონს და არ მიყვარს, რომ შეგნებულად უარყოფილი მაქვს - ვმრისხანებდი… 

ეს მანგრევდა და დანაშაულის გრძნობას მიჩენდა… შესაბამისად პატივისცემის მაგივრად უარესს ვიღებდი…. სიყვარულის პასუხად - ირონიას, ზრუნვის პასუხად - მიტოვებას, ერთგულების პასუხად - ღალატს, გულწრფელობის პასუხად - ტყუილს…

- მერე?...

- მერე გავაცნობიერე, რომ პრობლემა ჩემში კი არ იყო, არამედ იმაში, რომ არასწორი ადამიანის პატივისცემის მოპოვებას ვცდილობდი, მიზეზი ჩემი პრობლემები კი არა მისი ნატურა იყო, თავად დაზიანებულს, ჯანსაღი ადამიანი არ ჭირდებოდა, ირგვლივ მასზე მეტად დაზიანებული ადამიანები სურდა ყოლოდა, შინაგანად მათზე უპირატესობა რომ ეგრძნო - ბოროტი იყო,  არც სიყვარული შეეძლო და არც სხვა ადამიანის დაფასება, მხოლოდ საკუთარი თავით იყო მოცული… 

- მაგას როგორ მიხვდი?...

- მოგვიანებით, სხვა ადმაიანებთან ურთიერთობით… მიკვირდა კიდეც მათგან და მიუჩვეველს მეგონა, რომ დაუმსახურებლად ვიღებდი… ხანდახან მასეც იყო, წინა მცდელობამ თამაში მასწავლა…

- მერე რა ქენი?

- მერე არაფერი, გავერიდე ყველას და ყველაფერს, გადავწყვიტე ჯერ საკუთარი სული აღმედგინა და მერე კი იცი რასაც ვაკეთებ და რა გზაზეც ვარ…

- კი, გიყურებ და მიხარია, თუმცა ხანდახან მეშინია - დაღლა გჩვევია ხოლმე, მოტივაციების ადამიანი ხარ, მოტივაცია თუ არ გაქვს ჩერდები ხოლმე…

- აქ უკვე მოტივაცია აღარაა საჭირო, სამყარომ თავისთავად მანახა…

- მიხარია რომ ასე ფიქრობ…

- მეც მიხარია, მართალია უამრავი ტკივილი და ცხვირის წატეხვა დამჭირდა, მაგრამ მოვედი მანდამდე…

- კარგია… ახლა რას აპირებ?...

- ახლა არც არაფერს, ვცხოვრობ, ვსწავლობ, არჩეული მაქვს გზა და მივყვები, მივყვები მშვიდად, ბრძოლის და ჭინთვების გარეშე… 

მიყვარს და ვაფასებ, ვგრძნობ და ვუთანაგრძნობ, ვიღებ იმას რასაც სამყარო მიგზავნის და მადლიერი ვარ იმის რის დანახვასაც ვახერხებ… შენ რას მეტყვი, რა ვქნა?

- იმავეს გეტყვი რასაც ყოველთვის:  იცხოვრე, გიყვარდეს, იყავი გულწრფელი, თქვი რასაც გრძნობ და განიცდი, თუ გაგიგეს და მიგიხვდნენ ხომ კარგი, თუ არადა გეცოდინება, რომ არ უნდა დახარჯო დრო და შენი სულის ნაწილები იმაზე და იმათზე რასაც ვერც შეცვლი და არც უნდა შეცვალო, უბრალოდ იყავი ისეთი, როგორიც ახლა ხარ…

- მადლობა შენ, როგორც ყოველთვის…

- არაფერია სამადლობელი, პირიქით მე შემიძლია მეტად გამოგადგე, მომმართე როცა გინდა, კი იცი, მუდმივად მზად ვარ

- ვიცი, ვიცი…

- წადი ახლა და არ მოიწყინო…

- დროებით, მალე შევხვდებით…

- მშვიდობა მოგცეს…


13 აპრილი 2026




Comments

Popular posts from this blog

ლადო

10 წლის შემდეგ