10 წლის შემდეგ


ქალი და კაცი ერთმანეთს პატარა, ვერანდიან კაფეში შეხვდნენ, გაზაფხულის თბილი დღე იყო, მზე ათბობდა, ვერანდიდან ქალაქის ხედი იშლებოდა...

გემრიელი ყავა ჰქონდათ და ორივემ შეუკვეთა...

რამოდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ, ერთმანეთს მდუმარედ ათვალიერებდნენ...

„საერთოდ არ შეცვლილა, სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად მოუმატია წონაში, იგივე გამოხედვა, იგივე მიხვრა-მოხვრა, მანერები, ღიმილი...“ - გაიფიქრა კაცმა

„გაჭაღარავდა და ნაოჭები აქვს- ფიქრობდა ქალი...

დუმილი გრძელდებოდა, ორივე თავის ფიქრებში წასულიყო - ძირითადად იხსენებდნენ: ერთმანეთს, ერთად ყოფნას, ემოციებს რომლებიც აკავშირებდათ...

დუმილი კაცმა დაარღვია:

- როგორ ხარ?...

- კარგად...

- ათი წელი გავიდა...

- კი, ცოტა მეტიც...

- შენ ისევ ისეთი ხარ, არ იცვლები...

- მადლობა, შენ კი ხარ ცოტათი შეცვლილი...

- რას ვიზამთ, დროს ვერაფერს უზამ... აბა მიამბე, რა ხდება საინტერესო შენსკენ, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ?...

- რა ვიცი აბა ვცხოვრობ, ოჯახი მყავს, მშვიდად ვარ, ვუვლი ბავშვებს და ვაკეთებ ჩემს საქმეს... შენ?...

- მე ისევ ისე ვარ, როგორც დამტოვე... ჭაღარის მეტი, რომელსაც ალბათ შენიშნავდი, ყოველდღიურობაში არაფერი შეცვლილა...

- მარტო ხარ?...

- კი ამ ეტაპზე მარტო ვარ...

- მთელი ეს წლები?...

- არა, იყო რაღაცეები გზადაგზა, მცირე თავგადასავლები, თუმცა სერიოზული არაფერი...

ისევ სიჩუმე, ისევ ერთმანეთის თვალიერება და ფიქრები...

„ნეტავ რატომ არ გამოუვიდა არაფერი პირად ცხოვრებაში, ისევ ჩემზე ფიქრობდა?“ - გაიფიქრა ქალმა, და დუმილი დაარღვია:

- რატომ არ გამოგდის პირადი ცხოვრება გიფიქრია?...

- კი, ხშირად...

- მერე? 

- მერე ვხვდები, რომ არაა ეს ჩემი საქმე, ჩემი მისია... მე სხვა რამეები უნდა ვაკეთო, ყოველდღიურიც, რუტინულიც და როდესმე რამე დიდი და დიადიც...

- არ დაიღალე?... არ გინდა მშვიდად ყოფნა, საკუთარ ადამიანთან ერთად?

- ახლა აღარ, ძალიან მინდოდა როდესაც შენთან ერთად ვიყავი, თან მინდოდა მხოლოდ შენთან, თუმცა სამწუხაროდ შენ ეს ვერ შენიშნე...

- მადანაშაულებ?

გაეღმა ქალს და კაცს გამომცდელად ახედა...

- არავითარ შემთხვევაში, როგორც ჩანს მე არ ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, ან შენ არ გეცალა ამისთვის, საკუთარი თავით იყავი დაკავებული და ვერც დაინახავდი, არც იყავი ვალდებული, შენ ხარ ის ვინც ხარ და ხარ ისეთი, როგორიც ხარ, როგორც ჩანს მე მქონდა არასწორი „მოლოდინები“ და სურვილები...

- შენ არ იცვლები, ამბობ არაო, მაგრამ ისევ მადანაშაულებ...

- არა, ნამდვილად არა... შეიძლება რაღაც მომენტში გადანაშაულებდი, მაგრამ ახლა არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ მივხვდი, რომ ცხოვრებას სხვადასხვანაირად ვხედავთ, სხვადასხვანაირად გვესმის ერთი და იგივე ამბები და ვერ ვემთხვევით, ხომ ხედავ ახლაც ათი წლის შემდეგაც ვამბობ ერთს და გესმის სხვანაირად...

- ...

- ამაში ცუდი არაფერია და ბუნებრივიცაა, ყველა ადამიანი ინდივიდია და თავისი თვალსაწიერიდან ხედავს...

კაცი გაჩუმდა და სიგარეტს მოუკიდა, ქალმა ყავა მოსვა და კაცს თვალებში შეხედა, რაღაც მომენტში თითქოს ეშმაკურმა აზრმა გაუელვა, მაგრამ თავი შეიკავა და მზერა ისევ კონცენტრირებული გაუხდა... ისევ მან დაარღვია დუმილი:

- გიყვარდი?...

- ნამდვილად და უზომოდ....

- მერე მასეთი სიყვარული სად ქრება ხოლმე, როგორ გგონია?...

- და ვინ გითხრა, რომ გაქრა?

ახლაც გიყვარვარ?...

- შენ ჩემს გულში შენი ადგილი გაქვს და ცხოვრების ის პერიოდი, რაც შენთან მაქვს გატარებული ჩემი ნაწილია, მიყვარხარ თუ არა ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, ახლა მოცემულობა სხვა რამეა... შენ გიყვარდი?...

- ადრე რომ გეკითხა გეტყოდი, რომ უზომოდ და ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მეგონა უშენოდ არ შემეძლო, მაგრამ გავიდა დრო და ახლა ვერ გიპასუხებ, როგორც ჩანს არა, თორემ უსიყვარულოდ ვერ გავძლებდი...

- მალე გათხოვდი?...

- კი

- რატომ?

- მარტოობის მეშინოდა, ოღონდ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, ახლა ვხვდები რომ მეშინოდა...

- გიყვარს?

- მიყვარს, ჩემი მეუღლეა და ერთად ვართ უკვე წლებია

- მიხარია... რატომ წახვედი?

- შენ ასე გინდოდა...

- ხო, მასე მინდოდა...

„დღემდე ჰგონია, რომ მასე მინდოდა, არადა არც უკითხავს...  ვერც მიხვდა რა მინდოდა, გაიბუტა და წავიდა...  კარგია, იპოვა თავისი თავიც, ოჯახიც და ბედნიერიცაა, ესეიგი სწორად მოიქცა“ - გაიფიქრა კაცმა

„ეს ისევ იქაა, ისევ ცდილობს მე დამადანაშაულოს, ისევ მეკითხება რატომ წავედი, არადა საერთოდ არ მინდოდა წასვლა, მაიძულა და ახლა რატომო?... კარგია რომ წავედი და ამასთან დრო არ დავკარგე, ნერვები და ემოციები არ დავახარჯე ფუჭად“ - გაბრაზდა ქალი

კაცმა ისევ სიგარეტს მოუკიდა და ჰკითხა:

- ახლა რატომ მოგინდა ჩემი ნახვა?

- მაინტერესებდი...

- შენ ხომ თურმე არ გიყვარდი?...

- მერე რა, ყოველთვის საინტერესოა ადამიანის ნახვა, მოსმენა და ამავდროულად საკუთარი თავის, საკუთარი ემოციისა და ნაფიქრის გადამოწმება

- მერე რა გაიგე ამ ჩვენი დიალოგიდან?

- საერთოდ არ იცვლები, ისევ იქ ხარ სადაც ათი წლის წინ დაგტოვე...

- ალბათ, არადა ყველანი ვიცვლებით, ვვითარდებით...

- არ ვიცი...

- ბედნიერი ხარ?

- კი...

- ძალიან მიხარია, მართლა და გულით...

კაცი წამოდგა, ქალს თვალებში ჩახედა და ჯიუტად დააკვირდა, თითქოს ცდილობდა გაეგო, ატყუებდა, თავს იტყუებდა, თუ მართლა ბედნიერი იყო...

- მშვიდობას გისურვებ, ჩვენ აღარ შევხვდებით...

მოკლედ თქვა კაცმა და ისე, რომ პასუხისთვის არ დაუცდია ვერანდა დატოვა...

ქალი დარჩა, დარჩა და დიდხანს ფიქრობდა... 

ფიქრობდა წარსულზე, მათ ურთიერთობაზე, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი მოგონება წამოუტივტივდა, ხან გაბრაზდა, ხან მოენატრა, ხან იფიქრა რომ შეცდა - მერე ისევ დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში...

იჯდა ფიქრობდა, რამოდენიმე საათი...

მთელი დღე კაფეში გაატარა, საღამოს როდესაც სახლში ბრუნდებოდა ისევ იმ დღეზე და ნანახ კაცზე ფიქრობდა, საკუთარ თავზეც გაბრაზდა - რატომ დაურეკა, რატომ მიუნდა ნახვა, რა არ ასვენებდა...

კაცი კაფედან გამოვიდა, ქუჩას ფეხით გაუყვა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, კონტაქტებს დაუყვა, შეარჩია და ბოზ ვიკას დაურეკა...

 

13 ივნისი 2021

ტატო

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *