ღამის ბლუზი...

 


გაზაფხულია, დაღამდა...

ფანჯარა ღიაა, გარე განათება აინთო და ეზო გაყვითლდა...

ხმაურიანი ბავშვები სახლებში ავიდნენ, ახლა ალბათ უკვე სძინავთ...

ბირჟაც დაიშალა, წავიდნენ სახლებში ქვეყნის და ქვეყნიერების ბედზე დამაშვრალი გოგო-ბიჭები, მხოლოდ ერთი წყვილია შეყუჟული ხის ქვეშ პატარა ბაღის სკამზე, ეზოს ყველაზე ბნელ კუთხეში და ჩუმად ტკბებიან ერთად ყოფნით, არ უნდათ მეზობლებმა შეამჩნიონ და გაიგონ მათი საიდუმლო...

ცა აღარ ჩანს, ელექრო განათება ჭამს ღამით ქალაქში ცას...

ფანჯარას ვშორდები, ვჯდები სავარძელში, ვუკიდებ სიგარეტს და თვალს ვაყოლებ კვამლს, კვამლი ზანტად მიიწევს ფანჯრეისკენ, იკლაკნება და სიბნელეში უჩინარდება...

კვამლს ჩემი ფიქრი მიყვება...

ჯერ ეზოს გადაუვლის, მერე მთავარ ქუჩაზე გაისეირნებს, ადის მთა-წმინდაზე, ქალაქს გადმოხედავს...

ლამაზია ქალაქი ღამით ზევიდან, ჭუჭყი არ ჩანს, მხილოდ სინათლე და სინათლეები, ფერადი, ყვითელი, თეთრი, მომწვანო...

მაცდური რამეა ფიქრი... შეყოლიება იცის...  დიდხანს მაბოდიალა ღამის ქალაქში... ძველი უბნების ვიწრო ქუჩებზე, მთვარი გამზირების ფერადი განათებებით განათებულ ფართე ტროტუარებზე, არასპრესტიჟული კვარტლების უსახურ ასფალტზე...

იარა, იარა და ბოლოს ისევ ჩემს ოთახში, ჩეემთან დაბრუნდა...

ვზივარ და ვფიქრობ...

რაზე?...

თითქოს ვიცი, თითქოს ვაკონტროლებ, მაგრამ მაინც გამირბის, მაინც ყველა ფიქრი შენამდე მოდის  - ჩვენამდე...

საასაცილო სიტყვაა ჩვენ - ადამიანი მარტო მოდის და მარტო მიდის...

ჩვენ არასწორია, მაგრამ მაინც სულ ვცდილობთ შევქმნათ ეს ჩვენ: ოჯახი, საყვარელი ადამიანი, სამეგობრო, სოციუმი... სულ ჩვენ ვართ...

არადა რა მაგარია როდესაც ხარ შენ... ვარ მე... არის ის...

დღევანდელი ჩემი ფიქრის კონკრეტული „ჩვენ“ ჩემზე და შენზეა...

კარგი „ჩვენ“ იყო... შენ მე მასწავლე სიყვარული, მანახე თავდადება, მაგრძნობინე როგორ უნდა იყო მნიშვნელოვანი... თითქოს შემავსე...

ალბათ მეც მოგეცი რაღაც - შეიძლება ვერც... მაგრამ მე როდესაც „ჩვენს“ ვამბობდი და ვგრძნობდი, ვიყავი ნამდვილი და ვიყავი ჩვენთვის... ეს მთავარი მეგონა...

არ ვიცი არასწორად მეგონა, ვერ ვხვდებოდი, ვერ ვგრძნობდი თუ ეს ყველაფერი პირიქით, მაგრამ ფაქტია - „ჩვენ“ სადღაც წავიდა, მე და შენ - ად იქცა და დასრულდა, საწყენია თუ კარგია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია...

ლოგიკურია, უნდა დასრულებულიყო...  ადამიანი ხომ მარტო მოდის და მარტო მიდის...

რა დარჩა?...

დარჩა ბევრი სითბო, დარჩა ის ბედნიერი წუთები რაც იყო, დარჩა ცოტა სევდა და მონატრება, დარჩა ემოცია, რომელიც არსად არ წავა და რომლის ერთმანეთისთვის მისაცემადაც მივედით ალბათ ერთმანეთთან თავის დროზე...

აწი რა იქნება?...

აწი იქნება ხვალინდელი დღე, ახალი ემოციები, ახალი შეგრძნებები და ახალი გზები...

იქნება სევდაც, იქნება სიხარულიც, იქნება ალბათ ტკივილიც...

მთავარია არ შეგვეშინეს, არ შეგვეშინდეს პირველ რიგში საკუთარი თავის, საკუთარ თავთან გულწრფელობის, დანახვის და აღქმის...

არ შეგვეშინდეს მარტოობის...

მე არ მეშინია, მივიღე და ვხვდები, რომ ეს ბუნებრივია - ადამიანი ხომ მარტო მოდის და მარტო მიდის...

ნუ შეგეშნდება - ეს ბუენბრივია...

ერთ რამეში კი გეთანხმები - სიყვარულს ნამდვილად ყველაფერი შეუძლია...

 

ტატო

20 მაისი, 2021


Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *