ბედნიერი



დილა გათენდა, მზის სხივები მოეფინენ პატარა ბაღში გაშენებულ ფერად და კეკლუც ყვავილებს, ყვავილებმაც მიუშვირეს ფურცლები მნათობს მოსაფერებლად...

მზემ სითბო ჩაუღვარა ფერად-ფერად გულებში და დილა მშვიდობისა უსურვა...

ბაღში კაცი გამოვიდა, თავისი კოხტა და პატარა სახლიდან, ხელში სარწყავი ეჭირა და ღიმილით უყურებდა მზისა და კეკლუცი ყვავლიების ალერსს...

კაცი ყველა ყვავილთან სათითაოდ მივიდა, ყველას მიესალმა, წყალი დაუსხა და ნაზად გადაუსვა ხელის გული...

ის ყვავილებს უვლიდა, ყვავილები მას ხალისს და ფერებს ჩუქნიდნენ...

აცი შინ შევიდა, ყვავილებმა მზესთან კეკლუცი განაგრძეს...

კაცი სოფელში ცხოვრობდა, როგორც უკვე გითხარით კოხტა და პატარა სახლი ჰქონდა, მის ეზოში კი კეკლუცი ყვავილებით სავსე ბაღი, ასე 50 წლის იყო, შეთხელებული თმა გაჭაღარავებოდა, არც ის მაღალსა და საშუალოდ გამხდარ კაცს ბაღში მზეზე მუშაობის გამო სახეზე მუდმივად რუჯი ჰქონდა და დიდი ყავისფერი თვალებით მუდმივად თითქოს სადღაც შორს, სივრცეში იყურებოდა, ბევრს არ ლაპარაკობდა, ხშირად იღიმოდა, ერთი შეხედვით დიდად არ გამოირჩეოდა სხვებისგან, მაგრამ სინამდვილეში განსხვავებული იყო - გულით ბედნიერებას ატარებდა...

დიახ, ბედნიერებას... 

ბედნიერი იყო თავისი ცხოვრების ყოველი წამით, აბედნიერებდა დილა, უხაროდა ყოველი დღე, აღტაცებული უყურებდა თავის კეკლუც ყვავილებს, კმაყოფილი გახედავდა ხოლმე მისი სახლის წინ ღობესთან ჩავლილ აჟრიამულებულ ახალგაზრდებს, მოსწონდა როდესაც ქუჩაში ხელჩაკიდებულ წყვილს დაინახავდა და გული უჩუყდებოდა, როდესაც ხედავდა პატარა ბავშვს რომელიც ახალი რამის აღმოჩენის შემდეგ აღტკინებული ეტიტინებოდა მშობელს, მოსწონდა ბუნება, ხშირად დადიოდა ტყეში, ველებზე და უსმენდა ბუნების მუსიკას...

მარტო ცხვორობდა, მოსწონდა მარტოობა, ხშირად რჩებოდა საკუთარ თავთან მარტო და ესაუბრებოდა - ესაუბრებოდა განვლილ დღეზე, წარსულზე, მომავალზე, გრძნობაზე, ემოციაზე და სიყვარულზე, ხანდახან ცუდი რამეებიც ხდებოდა და განიცდიდა, მაგრამ მალე იშორებდა ცუდ ფიქრებს და ემოციებს თავიდან, ამის უნარი ჰქონდა - ტკივილი, ნეგატივი, უხასიათობა, დარდი და სევდა სადღაც გარეთ დაეტოვებინა და გულში დადებითი შეეშვა, ამოერჩია ცხოვრების ქაოსიდან პოზიტივი, ლამაზად შეეფუთა და გულში თვალსაჩინო ადგილას დაედგა...

მოკლედ ცხოვრობდა კაცი ბედნიერად, ტკბებოდა ყოველი დღით, უკვარდა ცხოვრება, მოსწონდა საკუთარი თავის ძიება და ჰქონდა იმედი...

მერე?!...

მერე არაფერი, უბრალოდ გიამბეთ, მინდოდა თქვენც გცოდნოდათ, რომ ასეთი ადამიანი არსებობს J

ტატო
7 იანვარი 2020

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *