ერთი დილა...



ახლა დილის 8 საათია, დეკემბერია. ფანჯარაში ვიყურები, ჯერ ბოლომდე არ გათენებულა, ნაცრისფერ კორპუსებს შორის ნელ-ნელა ლურჯდება ქალაქის მტვრით და ოხშივარით დამძიმებული ჰაერი, თან წვიმს და ჭუჭყიანი წვეთები ეფინება ქალაქს...

არც ისე ხალისის მომცემი და მხიარული დასაწყისია დღის, მაგრამ მაინც მოაქვს დადებითი ამბები...

მაინც რა?...

ის რომ თენდება - თენდება მორიგი დღე...

ნაფაზს ვურტყამ და კვლავ ვფიქრობ გუშნდელზე, გუშნწინდელზე და ბოლო დროს მომხდარ ამბებზე, ამბებზე რომელმაც ყველაფერი შეცვალა - რა ხდებოდა?

შეცდომა, დანაშაული, ბოღმა, ბრაზი, იმედგაცრუება, ისევ იმედის ნაპერწკალი, ტყუილი, მართალი, დაბნეულობა, შიში - საკუთარ თავთან მარტო დარჩენის (ეს ხომ მართლა ყველაზე საშიში რამეა როცა არასწორად ცხოვრობ, ეს არის სარკე სადაც ვერ ითვლთმაქცებ, ითამაშებ და მოიტყუები, მხოლოდ საკუთარი თავი გაშიშვლებს ბოლომდე) და ტკივილი...

ტკივილი მწარე, ტკივილი ყოვლისმომცველი, ტკივილი გაუსაძლისი და დამანგრეველი სულის ტკივილი, დამანგრეველი რომელიც საბოლოო ჯამში საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება დაგემართოს - დიახ საუკეთესო...

ინგრევა ფსევდო და წლობით ნაშენები: ამბიციები, ფასეულობები, სტატუსები, თავ-შესაფრები, პატივმოყვარეობა, სიამაყე, მოლოდინები, გეგმები, კომფორტის ზონა... ინგრევა ყველაფერი რაც გიქმნიდა ამ კომფორტის ზონას, სადაც იმალებოდი და რჩები მარტო, მარტო და დაცლილი - დაცლილი ყველა ზედმეტი ბარგისა და ტორმუზისაგან...

და რა რჩება?

რჩება ერთადერთი, რასაც არაფრის აშენება აღარ სჭირდება, რაც მოცემულია და რაც ატრიალებს ჯერ კიდევ ამ ცოდვილ დედამიწას...

ეს სიყვარულია, სიყვარული რომელიც გათბობს და გაცოცხლებს... არა მხოლოდ ვინმეს და რამეს სიყვარული, არა... უბრალოდ სიყვარული როგორც მოცემულობა
მოცემულობა რომელცას აღარ სჭირდება აღარანაირი მაგრამ, და, თუ, იქნებ...
უბრალოდ გრძნობ და ხარ, დღეს და აქ...

სიყვარული ცხოვრების და დილის, დილის რომელიც ისევ გათენდა და ისევ გაძლევს ახალ დღეს, რომ დაინახო სასწაული, სასწაული რომელსაც მორიგი დღის დაბადება ქვია...

ხოდა დილა მშვიდობისა ადამიანებო, სიყვარულს გისურვებთ!...

ტატო
26 დეკემბერი 2019

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *