”როგორ ეძებდა კაცი ბედნიერებას...”



არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ერთ პატარა და წყნარ ქალაქში ცხოვრობდა ერთი გარეგნულად ჩვეულებრივი, საქციელითაც სხვებისგან არაფრით გამორჩეული კაცი. რომელსაც თითქოს არაფერი აკლდა; მშვიდი და მყუდრო ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, სამსახური და ფული, მაგრამ მაინც ყველა შეშლილს ეძახდა. რადგანაც ამბობდა ბედნიერი არ ვარო, უფრო მეტიც უბედურებას იბრალებდა.
ვერავინ ხვდებოდა რით იყო ეს კაცი უბედური და შესაბამისად შეშლილადაც მონათლეს.

კაცი თავის მდგომარეობაზე ბევრს ფიქრობდა, ცდილობდა თავის მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხი ეპოვა, მაგრამ უშედეგოდ, მის ქალაქში ყველა კარგად ცხოვრობდა, არავის არაფერი აწუხებდა და ვერაფრით გაეგოთ რა იყო ახალი და მათთვის უცხო საძებარი, ამიტომაც სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა და მართლაც, ერთ მშვენიერ დილას ადრე ადგა და გზას გაუდგა...

იარა კაცმა, იარა და ერთ დიდ მინდორზე აღმოჩნდა....
მინდორზე უამრავი ხალხი ირეოდა და ყველას სადღაც ეჩქარებოდა.
მრავალგავრი ადამიანები ხვდებოდნენ აქ: მათგან ზოგიერთმა გამარჯობა უთხრა და გზა განაგრძო, ზოგიერთმა მცირე ხანს ისაუბრა მასთან - არაფრის მომცემ, უმნიშვნელო თემებზე, მცირე ხანს იარა კაცთან ერთად და მერე თავის გზაზე გადაუხვია, ზოგმაც უბრალოდ ჩაიარა...

ერთი კაცი გაიცნო, რომელიც მინდორზე სასეირნოდ და გასართობად გამოსულიყო, არსად ეჩქარებოდა და სახელად მშვიდს ეძახდნენ.
კაცმა ”მშვიდი” სადილად დაპატიჟა, ხის ჩრდილში დასხდნენ და საუბარი გააბეს. ბევრი იბაასეს თუ ცოტა, კაცის მოგზაურობის მიზეზსაც მიადგნენ, აქ კი საუბარი კამათად იქცა...
”მშვიდს” მიაჩნდა, რომ ბედნიერება ფულია, კაცი არ ეთანხმებოდა, რადგან ფული ბევრი ჰქონდა, ბედნიერი კი მაინც არ იყო...
შედეგად აღშფოთებული და გაბრაზებული ”მშვიდი” სწრაფი ნაბიჯით მოშორდა შეშლილს (მანაც თანაქალაქელების მსგავსად, შეშლილად მიიჩნია თავგადასავლების მაძიებელი) და მარტომ განაგრძო მინდორში სეირნობა, ოდნავ დაბნეული კაცი კი კვლავ გზას გაუდგა...

მინდორში ყოფნისას ბევრი ადამიანი გაიცნო, ბედნიერება ყველას თავისი ჰქონდა: ფული, ბევრი ფული, მყუდრო ოჯახი, საყვარელი ქალი ( კაცი) ან ქალები (კაცები), კარიერა, კარგი სახლი, მდიდრული სასახლე, პოპულარობა, ეგზოტიკური ქეიფი, საყვარელი ცხოველის შინ ყოლა, გართობა, თამაში, ექსტრემი...
ადამიანები ბედნიერებად იმას მიიჩნევდნენ, რაც ცხოვრების მიზნად ჰქონდათ ქცეული...
ერთი რამ კი კაცისათვის მართლაც გაუგებარი აღმოჩნდა - ადამიანების უმრავლესობა ბედნიერების მოპოვებას სხვის ხარჯზე, სხვისი დისკრედიტაციისა და დაჩაგვრის ხარჯზე ცდილობდა... დანარჩენს კი თითქოს მიხვდა:

-ბედნიერება ცხოვრების მიზნის პოვნა და მისი განხორციელებაა...

გადაწყვიტა და ახლა საკუთარი ცხოვრების მიზანს დაუწყო ძებნა...

ერთ ქალაქს მიადგა. აქ მინდორზე მეტი ხალხი იყო და ყველას კიდევ უფრო მეტად ეჩქარებოდა სადღაც. აქაც იპოვა კაცმა თანამგზავრი, რომელიც არ იყო ქალაქის საერთო ქაოსში ჩართული, მაგრამ ის სულიერად ავადმყოფი იყო და თანამოსაუბრედ და თანამოაზრედ არ გამოადგებოდა...

ქალაქში უამრავი გაჭირვებული ნახა და ბედნიერების მაძიებელმა გადაწყვიტა ცხოვრების მიზნად მათი დახმარება დაესახა. ფული ბევრი ჰქონდა და ამ ფულით დააარსა საწარმო, რომელიც ძალიან მალე აქცია მომგებიანად და მთელს შემოსავალს ქველმოქმედებას ახმარდა. დაფუძვნდა ქალაქში, ეხმარებოდა ღარიბებს და ფიქრობდა ბედნიერი ვარო, მაგრამ:

ერთმა გაჭირვებას თავდაღწეულმა, კაცის მეშვეობით სამსახურ ნაშოვნმა და ნაამაგარმა თანამშრომელმა, მთელი ქონების დასაკუთრება მოინდომა და ინტრიგების ქსელი გააბა

ვიღაცას დაეხმარა, იმან ოჯახი შექმნა, დასაქმდა და როდესაც უკეთ იყო და კაცმა დახმარება შეუმცირა, უმადურმა სასამართლოში უჩივლა...

საწარმოს თანამშრომელმა, უმწეოთათვის გამიზნული ფული მოიპარა და გაიქცა...

ვიღაცას ეცოტავა... მეორემ ითაკილა... მესამემ მაინც მოიპარა... სხვამ მასზე სუსტს წაართვა...

მცირე გამონაკლისის გარდა, მადლიერი არავინ რჩებოდა და კაცმა გადაწყვიტა, რომ ამ ხალხის მოვლა- პატრონობა არ ღირდა, მომგებიანი საწარმო გაყიდა, თავისი ფული აიღო და ქალაქს მოშორდა...

ისევ დიდ მინდორზე აღმოჩნდა და ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო; ცხოვრების მიზნის ძიება, აჩქარებული და კაცის ამბებით გაკვირვებული ადამიანები, მოსეირნეები, მხიარულები, უჟმურები და უყურადღებოები... და ისევ ის მოხვდა კაცს თვალში რაც პირველად - არავითარი თანაგრძნობა და სოლიდარობა, ყველა სხვის დაჩაგვრას ცდილობდა და ამ გზით უნდოდათ თავისი სურვილის შესრულება...

მინდორში ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა, ყაჩაღებმა მთელი ფული წაართვეს და ლამის დაიჯერა, რომ ბედნიერება მართლაც ფულშია, მაგრამ მერკანტელურ აზრებს მალე მოერია და გზა განაგრძო...

ბევრია იარა, თუ ცოტა, მალე კიდევ ერთ ქალაქს მიადგა. უფულოდ დარჩენლმა და გაჭირვებულმა გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო, საქმესაც მალე მიაგნო - რომელიღაც სასამართლოში, ერთ-ერთი მოხელეს თანაშემწე სჭირდებოდა და განათლებული და შრომისმოყვარე კაცი სიამოვნებით მიიღეს.
შრომისმოყვარესთან ერთად საკმაოდ გონიერი და მოხერხებულიც გამოდგა და ძალიან მალე მიაღწია ქალაქის მთავარ მოსამართლეობას...
იფიქრა ბედნიერება სამართლიანად ცხოვრება ყოფილაო და თავი კვლავ ბედნიერი ეგონა, მაგრამ:

ერთ დღეს სასამართლოში პატიმარი ბავშვი მოიყვანეს, რომელმაც შიმშილისაგან რომ არ მომკვდარიყო, ბაზარში საჭმლის მოპარვა დაიწყო...

მეორე ახალგაზრდას საფულე ეპოვნა, პატრონს დაენახა და უჩივლია, ის კი ვერაფრით ამტკიცებდა, რომ მართლაც იპოვა, არადა ნაძირალა ნამდვილად არ იყო...

ვიღაცას სახლში ყაჩაღები შეუცვივდნენ, სახლის პატრონს, ერთ-ერთი მათგანი შემოაკვდა...

ვიღაცამ ღალატის გამო ცოლი სცემა... ვიღაცა შემთხვევით სხვის გაზონზე გადავიდა...
ვიღაცა ვიღაცას მიამსგავსეს და მოწმე ჯიუტად ხელს ადებდა...

კვლავ მინდორი და მიზნის ძიება, ხეტიალი, იმედგაცრუება და მარტოობა.
დაიღალა, სიმყუდროვე და წყნარი - ოჯახური ცხოვრება მოენატრა, ხეტიალი აღარ სიამოვნებდა...
ახალ მიზანს მიაგნო, ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც გაუგებდა და უთანაგრძნობდა...

ამასობაში მორიგ, ლურჯ ქალაქში შევიდა. იქაც ცოტა ხანს იხეტიალა და წყაროსთან ჩამოჯდა, სწყუროდა, მაგრამ ფიქრებში გართულს დალევა საერთოდ დაავიწყდა...
არადა რაღაც აშკარად აწუხებდა.
ამ დროს წყაროსთან ახალგაზრდა ქალი მოვიდა, შეჩერდა, წყალი დალია და მიმოიხედა:
კაცი დაინახა, რომელიც რაღაცაზე ფიქრობდა და შეწუხებული სახე ჰქონდა, უხმოდ აავსო ჩიქა და მიაწოდა. კაცმა მადლობის ნიშნად გაუღიმა, წყალი დალია და გამოელაპარაკა, ერთმანეთი გაიცნეს და ორ მარტოხელას შორის თითქოს რაღაც საერთო გაჩნდა, დიდხანს ისაუბრეს, მერე მეორე დღეს, მესამე და ძალიან მალე შეუღლდნენ კიდეც.

მთელი ქალაქისათვის სამაგალითო ოჯახი შექმნეს, ერთმანეთი უყვარდათ, წყნარად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, არც მათ აკლდათ და სხვებსაც ეხმარებოდნენ...
თითქოს მოისვენა შეშლილად წოდებულმა თავგადასავლების მაძიებელმა, მაგრამ ცოტა ხანში მოსაწყენმა ყოველდღიურობამ პირველი ვნება გაახუნა, მისი ავანტურისტი ბუნებისათვის რუტინა და ერთფეროვნება აუტანელი გახდა...
ცოლმა, მართალია გულნატკენმა, მაგრამ კეთილმა ქალმა, ყოველგვარი სკანდალებისა და კონფლიქტების გარეშე ჩაულაგა ბარგი თავისი ხელით, მომავალი მოგზაურობისათვის გამზადებულ, სინდის დამძიმებულ ქმარს და ქალაქის გასასვლელამდე გააცილა...

მინდორი ძველებურად ხალხით იყო სავსე და კაციც უკვე ჩევულებისამებრ შეუერთდა მის დინებას, იფიქრა ჩემთვის ბედნიერება ასე ხეტიალი და თავგადასავლების ძიება არისო და გაუყვა გზას....

გზად მისი ყურადღება ერთმა ორატორმა მიიპყრო, რომელსაც ძალაუფლება უნდოდა , მაგრამ ვერ აღწევდა, რადგან ეგოისტი იყო, არავის აზრს არ იზიარებდა, სწორხაზოვნად აზროვნებდა და მხოლოდ ისეთი ადამიანების აზრს აფასებდა, რომლებიც ყველაფერზე თავს უქნევდნენ და ეპირფერებოდნენ...

ძალაუფლების სურვილმა მოხიბლა, გადაწყვიტა ამ სფეროშიც ეცადა ძალები. ძალიან სწრაფად შეისწავლა ორატორობა, დიპლომატია და ფსიქოლოგია, დააკვირდა ხელმოცარული მაძიებლის ყველა დადებით და უარყოფით თვისებას, გაითვალიწინა ეს ყველაფერი, შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და დიდ ქალაქს მიაშურა...

დიდ ქალაქში ხალხი მუდამ კამათობს, ყველა რაღაცას განიხილავს, ამტკიცებს და უარყოფს, ბჭობს, აკრიტიკებს, ხანდახან აქებს და და რაც მთავარია, ყველა ძალიან ძალიან ბევრს ლაპარაკობს...

კაცი ქუჩაში მოლაპარაკე ხალხის ერთ-ერთ ჯგუფს შეერია, მცირე ხანს უსმინა, ცოტა ხანში ორი სიტყვა ჩაურთო, მერე სამი, მერე სიტყვით გამოვიდა და უმალ აირჩიეს ჯგუფის ლიდერად ( ამ ქალაქში, ყველანაირი არჩევნები ლაპარაკზე მეტად უყვართ)
მცირე დრო მოანდომა იმ რაიონის მმართველად გახდომას, რომელშიც პირველად გამოვიდა სიტყვით, ქალაქის თავობამდე მისაღწევადაც არ დასჭირვებია დიდი დრო და როდესაც იმ ოლქის გამგებელი გახდა, რომელსაც დიდი ქალაქი ეკუთვნოდა, მიხვდა რომ ძალაუფლება უბედურება იყო... საკუთარ პიროვნებას, ფასეულობებს, ადამიანთა მიმართ სიყვარულს კარგავდა, იქცეოდა მანქანად, რომელიც ძირითადად ზოგად ფრაზებს ისვრის და მხოლოდ კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებაზე ფიქრობს, ღირებულსა და მნიშვნელოვანს კი არაფერს ქმნის...

გადაწყვიტა ქალაქებს აღარ გაკარებოდა, უფრო მეტიც მინდორიც მიატოვა და უდაბნოს მიაშურა, იფიქრა აქ მაინც დავისვენებ ცოტასო. აქ კი გარდა იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, ერთ უჩვეულო, განათებულ, შავ ქალაქს წააწყდა და იმდენად მოეწონა ეს უცნაური და მკაცრი დასახლება, მიუხედავად ქალაქების მიმართ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულებისა, მისი დათვალიერება და შესწავლა მაინ მოინდომა...

შავ ქალაქში ყველა განუწყვეტლივ ლოცულობს, მარხულობს, უფალს ჩადენილი თუ ჩაუდენელი ცოდვებისათვის შენდობა სთხოვს...

-რწმენა!...აი რა მაკლდა...

თქვა კაცმა და შავ, მაგრამ საოცრად ნათელ ქალაქში დასახლდა. ცოდვები მოინანია და დაიწყო შავქალაქელებთან ერთად ყოველდღიური ლოცვა და იმ უამრავი წესისა და რიტუალის დაცვა, რომლებსაც თვალდახუჭულნიც კი უნაკლოდ ასრულებდნენ იქაურები...

გავიდა დრო და კაცი მიხვდა, ასკეტიზმი მისი ცხოვრებისათვის სრულიად შეუფერებელი იყო. მისნაირი მოუსვენარი და შემოქმედებითი ადამიანისთვის ეს გზა გაქცევას ჰგავდა. მისთვის მუდმივი მოქმედება, სიახლე და იდეისათვის დახარჯვა იყო საჭირო.
ქალაქში კი მთავარი, ის იდეა იპოვა, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა...

ღვთის სიტყვის, სიკეთის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი ფასეულობების ადამიანებამდე მიტანა.

მისთვის უფლისმიერი არსებობისათვის შავ ქალაქში ცხოვრება აუცილებელი აღარ იყო...

შინისაკენ გასწია და გზად ქადაგება დაიწყო.
ბევრი იმოგზაურა, იქადაგა, ასწავლა და ისწავლა, კეთილი საქმეები აკეთა.
ბოლოს დაღლილი სახლში დაბრუნდა...
ღრმა სიბერემდე მშვიდად იცხოვრა და ბედნიერი მიიცვალა.

მისი შვილებიდან ერთი მხატვარი გახდა, მეორე ექიმი, მესამე მასწავლებელი...


ტატო

აპრილი, 2002წელი

Comments

Anonymous said…
ni xrena ne ponial...

alximik?
Anonymous said…
xo da kdiev< როგორ და რატომ ეძებდაო ბედნიერებას.

და როგორ ეძებდა ჩანს და აი რატომ ეძებდა ვერ ამოვიკითხე,

შეიძლება ჩემი ბრალია
რა გითხრა აბა შონ შეიძლება გავს მარა ამას რომ ვწერდი სიმართლე გითხრა მაშინ ალქიმიკოსი არ მქონდა წაკითხული...

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *