ზღვარი

ქუჩაში მიდიოდა, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, არაფერი აინტერესებდა,
ვერც წვიმას გრძნობდა; წვიმას რომელიც ასველებდა, წვიმას რომელიც დასიცხულ ქალაქს აგრილებდა და წვიმას, რომელიც ოდესღაც ძალიან უყვარდა, წვიმას რომელსაც დარდს აყოლებდა და ბევრს სეირნობდა ხოლმე... ახლა მისთვის არ ეცალა, სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. ფიქრობდა თავის უბედურებაზე, სიმარტოვესა და დაჩაგრულობაზე, ფიქრობდა სიკვდილზე, საკუთარ პანაშვიდზე და ატირებულ ახლობლებზე, ძალით სახეშეწუხებულ შორეულ ნათესავებზე და ყოფილ თანამშრომლებზე, მოვალეობის მოხდის გამო რომ მოვიდოდნენ პანაშვიდზე... ფიქრობდა იმაზე თუ, რა დახვდებოდა იმქვეყნად, თუ არსებობდა საერთოდ იქაურობა და თუ ელოდნენ უკვე მისი ადრე წასული ახლობელი ადამიანები იქ.
-ნეტა როგორ შემხვდებიან, თუ ვახსოვვარ ნეტა იმათ მაინც?...
გაიფიქრა და გაეღიმა. მიხვდა, რომ ეს ფიქრი უკვე სიგიჟის ზღვარი იყო...
-ნეტა მართლა თუ შევძლებ თავის მოკვლას, თუ მაგის ძალაც არ მეყოფა?!...
გაიფიქრა და იქვე დასძინა:
-მეყოფა, მეყოფა... აბა აქ ვის რაში ვჭირდები, მე არც ფუნქცია მაქვს, აღარც სურვილები და ოცნებები დამრჩა, ყველაფერი დაინგრა და გაქრა...
კი მაგრამ ოჯახის წევრები და მეგობრები? მათ ხომ შენი საქციელით გული უნდა ატკინო?!...
ვინ ახლობლები და მეგობრები, რომლებმაც დამიკიდეს და გამრიყეს?... არა უშავთ გადაიტანენ, ცოტა ხანს შეწუხდებიან, მერე ტკბილ მოგონებად და პატარა ტკივილად ვიქცევი, მერე ტკივილსაც დრო მოარჩენს, რომელიმე ახლო ნათესავი ან მეგობარი ჩემი ხათრით შვილს ჩემს სახელს დაარქმევს, მერე ხანდახან დანანებით თავს გააქნევენ ხოლმე და ეგაა სულ... მე კი დავისვენებ, წავალ იქ სხვაგან, სადაც თუ სხვა ცხოვრება არსებობს სიახლეები და ახალი შეგრძნებები მელოდება, თუ არადა ლეში დედამიწაზე ივლი თუ მიწაში იწვები რა აზრი აქვს, არ ვიწვალებ მაინც...
ხო მაგრამ, რომ ვეღარ ისუნთქებ, ვეღარ ივლი, ვეღარ განიცდი და აღარ გეყვარება, არაფერს არარ გააკეთებ და აღარც იოცნებებ?!...
მერე რაა, სამაგიეროდ, აღარც ის ოცნებები დამენგრევა, აღარც იმედი გამიცრუვდება და აღარც არავინ უარმყოფს, მიმატოვებს და მატკენს გულს...

გონება არეული გზას განაგრძობდა და ირგვლივ კვლავ ვერავის ხედავდა, კვლავ ვერ გრძნობდა წვიმას, მიდიოდა მტკიცედ და ჩქარა, იცოდა სადაც და რისთვისაც.
კვლავ საკუთარ პანაშვიდებზე ფიქრობდა და ერთგვარად სიამოვნებდა კიდეც.
ეს იყი მისი შურისძიება...
შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავის დროზე გარიყა, გული ატკინა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა, შურისძიება მათ მიმართ, ვისაც უყვარდა და მოეენატრებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალს ტკივილს ვერ ამჩნევდნენ და შეურაცხჰყოფდნენ, შურისძიება ცხოვრების მიმართ, რომელმაც მხოლოდ იმედგაცრუება და სინანული გაიმეტა მისთვის და შურისძიება ღმერთის მიმართ, ღმერთის, რომელმაც თავის ხატად შექმნა, ქვეყანას მოავლინა და ტკბებოდა და ერთობოდა მისით, თუმცა დაავიწყდა, ან შეგნებულად არ მისცა იღბალი, მიაგდო ველური ცხოვრების ანაბარა და თან დაუბარა ”გიყვარდე და პატივი მეციო”
-რისთვის... რისთვის უნდა მიყვარდეს ღმერთი?!...
ფიქრობდა ნაწყენი..
-იმისთვის რომ გამწირა და მიმატოვა?... არა, არა და არა, ვერ მოგართვით, მე თქვენი სათამაშო აღარ ვარ, აღარ მინდა აღარც ტალახში ჯდომა, აღარც დამცირების ატანა და არც იმ ადამიანებთან ცხოვრება, რომლებმაც ვერ დაინახეს როგორ მინდოდა მათ გვერდით ყოფნა, მათთვის სიკეთის კეთება და როგორ ველოდი მათგან თანადგომას, მაშინ, როდესაც მიჭირდა...

ასეთ ფიქრებში გახვეული მიუახლოვდა მაღალ შენობას, შიგნით შევიდა, ლიფტში ჩაჯდა და სახურავზე ავიდა, კიდესთან მივიდა და გადაიხედა:
შენობა ძალიან მაღალი იყო, ძირამდე სული არ ჩაყვებოდა.
კიდეს მოშორდა, რომ კიდევ ერთხელ, უკანასკნელად დამტკბარიყო თავისი სადისტური ფიქრებით:
-დიახ, დავილეწები და ჩემი დამახინჯებული სხეულით კიდევ უფრო დიდ ტკივილს მოგაყენებთ, კიდევ უფრო მძაფრად შეგახსენებთ, რომ თქვენგან ყურადღება და თანაგრძნობა მჭირდებოდა, ჩემი დამტვრეული ძვლები კიდევ უფრო მძაფრად გაგრძნობინებთ თავს დამნაშავედ იმათ, ვისაც მეტი სითბო უნდა გამოგეჩინათ ჩემს მიმართ...



კიდესთან მივიდა, თვალები დახუჭა, ხელები გაშალა და უკვე უნდა გადაშვებულიყო, რომ:
-მოიცადე, ჯერ არ გადახტე...
მოესმა საოცრად მშვიდი ხმა...
თვალები გაახილა და ხმას გახედა:
თეთრსამოსიანი, წვერიანი, ასე 33 წლის კაცი უახლოვდებოდა, უღიმოდა და ხელს უწვდიდა:
-მოიცადე, არ გადახტე, ორ სიტყვას გეტყვი...
განაგრძო თთრსამოსაიანმა.
-შენ ვინ ხარ?...
ჰკითხა თვითმკვლელმა
-ვერ მიხვდი?
-ჰო მივხვდი, რა გინდა ჩემგან?!...
-შენთან ლაპარაკი...
-რაზე?
-შენზე, უფრო სწორად ჩვენზე...
-ჩევნზე?!... ჩვენ ერთმანეთთან რა კავშირში ვართ? შენ ზეცაში ხარ მამასთან, კეთილდრეობის და სიკეთის სიმბოლო ხარ, სამოთხეს და საუკუნო ნეტარებას განასახიერებ, მე კიდევ პირიქით, მიტოვებული და მარტოხელა, ტანჯვის და ტკივილის განსახიერება, ნაწყენი, დავიწყებული და საცოდავი...
-ჩვენ ერთმანეთთან კავშირი ნამდვილად გვაქვს, მე ხომ შენში ვცხოვრობ და ვარსებობ, შენ თუ მოკვდები მეც აღარ ვიქნები, მეც შენთან ერთად გავქრები და მოიშლება ზღვარი,
ზღვარი რომლის გარეშეც დედამიწა ვერ იბრუნებს, ადამიანი ვერ იარსებებს...
-ჩემში?... ეგ როგორ?... მე შენი არ მჯერა, შენ რომ ჩემთან ყოფილიყავი მე ამდენ ტკივილს არ მომაყენებდნენ, კარგად ვიქნებოდი და შურისძიების სურვილი არ გამიჩნდებოდა...
-მაგრამ, მე მაინც სულ შენთან ერთად ვიყავი...
-თუ ჩემთან იყავი, რატომ არასოდეს დამიცავი, რატომ არასოდეს მიკარნახე როგორ მოვქცეულიყავი?!... შენ ჩემთან არასოდეს ყოფილხარ, შენ და მამაშენმა მიმატოვეთ, თქვენთვის უბრალოდ გასართობი და თავშესაქცევი ვიყავი, ვის მაგალითზეც ახდენდით ბედნიერის და უბედურის, წარმატებულისა და დაბოღმილის დიფერენცირებას, შენ არასოდეს გითქვამს ჩემთვის არაფერი...
-არ მითქვამს იმიტომ, რომ არასოდეს გიკითხავს,არასდროს მოგიმართავს ჩემთვის...
-ეგ როგორ?!... მე მუდმივად მოგმართავდი, მუდმივად დავდიოდი ტაძარში, ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს, ვიცავდი მარხვას, ვეხმარებოდი უპოვარს და პატივს ვცემდი უფროსს, შენ კი არასოდეს გიპასუხია ჩემს ლოცვაზე...
-იმიტომ, რომ არასწორად მეძებდი, შენ გარედან ელოდი რაღაცას, სინამდვილეში კი მე შენში ვარ შიგნით და არა რომელიმე გამოსახულებაზე და თუნდაც გუმბათში, მე მუდამ გელოდი და მინდოდა შენით მოსულიყავი ჩემთან, შენ ეს შეგეძლო...
გელოდი მანამდე, სანამ საბედისწერო შეცდომის ჩადენას გადაწყვეტდი, ბოლომდე, ბოლო წუთამდე მჯეროდა შენი და მინდოდა შენით მიხვედრილიყავი რაღაცას, შენით აგერჩია სწორი გზა...
-ხო მაგრამ, მე საიდან მიხმხვდარიყავი, ჩემთვის არავის უსწავლებია, მე მუდამ მეუბნებოდნენ, რომ შენ სხვაგან იყავი, იქ სადღაც ზევით და იქიდან განაგებდი სამყაროს, მე კი ერთი პატარა მატლი ვიყავი და შენი მონა...
-გული არასდროს გტკენია?... ფიზიკურ ტკივილს ვგულისხმობ...
-კი, მტკენია...
-ჰოდა ის მე ვიყავი, თავს გახსენებდი, მინდოდა შიგნით შემოგეხედა, გულისათვის მოგესმინა.. ერთხელ მაინც რომ მიგექცია მისთვის ყურადღება, მაშინვე დამინახავდი... მე სულ მზად ვიყავი მეთქვა შენთვის ყველაფერი და თუ რამეს სწავლა შემეძლებოდა მესწავლებინა, მაგრამ რომ შემოგეხედა, ჩემი სწავლებაც აღარ დაგჭირდებოდა, შენითაც ყველაფერს მიხვდებოდი და მე და შენ მეგობრები ვიქნებოდით...
-ახლა რატომ მოხვედი?!... მე ხომ უკვე ბოლომდე დავეცი, მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც შენ და მამაშენი ყველაზე მეტად ჰკიცხავთ და არასოდეს პატიობთ?!... მე ხომ უარგყავით და თქვენზე შურისძიება გადავწყვიტე...?!...
--ეგ ყველაფერი ვიცი, მაგრამ მე შენი მეგობარი მაინც ვარ, მეგობრობაც ხომ სწორედ ეგაა, მაშინ უნდა მიხვიდე მასთან, როდესაც ყველაზე მეტად უჭირს და არ აქვს მნიშვნელობა, ნაწყენია ის შენზე თუ გაბუტული, ეს ერთგულებაა და ამაშია ჩემი არსებობის ერთერთი არსიც, თუ ერთგულება და სიყვარული არ იარსებებს, მაშინ არც არავის ყოფას არ ექნება აზრი, მათ შორის ჩემსას...
-შენ ჩემი არ გესმის, შენ არ ყოფილხარ მიტოვებული და განწირული, შენ თავიდანვე რჩეული იყავი, ღმერთის ძე, შენ დალხენილი ხარ იქ...
-აქ კი ცდები მეგობარო, მე შენი მესმის, მე მიტოვებულიც ვიყავი და შეურაცხჰყოფილიც, დავეცი ბოლომდე, რათა გამეგო სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ფიზიკური და სულიერი ტკივილი, გავიარე სიკვდილიც და სიცოცხლეც, სიხარულიც და მწუხარებაც, ვნახე ერთგულებაც, ურწმუნოებაც და ღალატიც...
მე მართლა შემეძლო ვმჯდარყავი იქ სადღაც ზევით და მეყურებინა იქიდან მშვიდად,მაგრამ მაშინ მე აღარ ვიქნებოდი ის რაც ვარ და რადაც შენ მიცნობ...
სწორედ ამიტომაც ვდგავარ შენს გვერდით ამ სახურავზე, რომ მიხვდე:
მე შენს გვერდით ვარ და ვიქნები ბოლომდე, ვიქნები მანამდე სანამ შენ ზღვარს გადალახავ და თავად იტყვი უარს ჩემზე საბოლოოდ, იქ მე ვეღარაფერს გიშველი, ის სხვისი სამფლობელოა, შენ აქამდე არ მიცნობი და მაგიტომ უარმყოფდი, მე მოვედი შენთან, რომ მეთქვა ყველაფერი და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დამეფიქრებინე, აქამდე შენ არ იცოდი სად გეძებნე, როგორ მოგეგნო...
ახლა იცი...
გადაწყვეტლება თავად უნდა მიიღო, შენ თავისუფალი არსება ხარ, მე უბრალოდ გზას გაჩვენებ,
არჩევით კი თავად უნდა აირჩიო...
- .... და ახლა რა ვქნა?!...

- ახლა მოშორდი მაგ კიდეს, ჩადი ძირს, გაიქცი, მიდი იმ ადამიანთან რომელიც გიყვარს და უთხარი მას ეს;

თუ ვერ გაიგებს - აუხსენი,

თუ არ დაგიჯერებს - მოითმინე და დაუმტკიცე,

თუ შეურაცხჰგყოფს აიტანე და გაუღიმე,

თუ გითანაგრძნობს ბედნიერი იქნები...

თუ არა და გეცოდინება, რომ იმ ადამიანს სიყვარულის დანახვა არ სურს ან არ შეუძლია...

ოღონდ შენ თვითონ უნდა იყო გულწრფელი და მართლა უნდა გიყვარდეს...

-...

30მაისი
2008 წელი
ტატო მახაშვილი

Comments

Anonymous said…
სიტყვები არ მყოფნის,ისეთი მაგარია,

საღოლ!
Anonymous said…
ამან რა უპასუხა ბოლოს?
არაფერი არ უპასუხია.... ჩამოვიდა წავიდა და ჩაეხუტა :)
განსაკუთრებული მადლობა ლიკა ლეჟავას ფოტოსათვის

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *