მილიონიანი ლატარეა

ჯონი პატარა ქალაქში ცხოვრობდა, ქარხანაში მუშაობდა, შემოსავალიც ნორმალური ჰქონდა, იმდენი რომ საშუალო, ოთხსულიან ოჯახს თავისუფლად ეყოფოდა, მაგრამ ჯონის ოჯახი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა, არც ნათესავები ჰყავდა და არც მეგობრების სიუხვით გამოირჩეოდა, თუმცა თავად ჯონის მისი უცნაური გატაცების გამო მთელი ქალაქი იცნობდა.
ჯონის გატაცება ლატარია იყო, მთელი ცხოვრება ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა, მთელ ფულს ამაში ხარჯავდა, თითქმის ყოველ საღამოს ტელევიზორთან იჯდა, გათამაშებას უყურებდა და მოგებას ელოდა... წინასწარ უხაროდა, წარმოიდგენდა როგორ შეიძენდა ძვირფას მანქანას, შემოივლიდა მსოფლიოს, მოგზაურობიდან დაბრუნებული შეირთავდა ცოლს, შეეძინებოდა შვილები...
ამასობაში გათამაშება სრულდებოდა, იმედგაცრუებული ჯონი ტელევიზორს გამორთავდა, საწოლს მიაშურებდა და ახლა იქ განაგრძობდა ოცნებას, ასე ოცნებაში იძინებდა და მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გადიოდა წლები. ერთ დღეს ადრე გაიღვიძა, სამსახურში დასვენების დღე ჰქონდა, არც ლატარია თამაშდებოდა იმ დღეს არცერთი და ჯონიმ არ იცოდა რა ეკეთებინა. იწვა და ფიქრობდა, ტრადიციულად ოცნებებში გადეშვა: მოიგო უახლესი მარკის ავტომობილი, შეიძინა ფეშენებელური სახლი ზღვის პირას (ლატარიაში მოგებული ფულით) დაეხმარა გაჭირვებულებს და ჯერი მოგზაურობაზე მიდგა, ესეც რა თქმა უნდა ლატარიაში მოიგო, ორკაციანი საგზური დედამიწის გარშემო გემით, ბარგი ჩაალაგა და დაფიქრდა, ვისთან ერთად წასულიყო კრუიზში, ვერავინ გაიხსენა...
ჯონი ოცნებიდან გამოერკვა, აღმოაჩინა რომ სრულიად მარტო დარჩენილიყო, არავინ ჰყავდა გვერდით ისეთი, ვისაც თავის აზრებს, წუხილს, სიხარულს გაუზიარებდა და ვისთან სიახლოვეც გაუხარდებოდა.
შეშფოთებული წამოჯდა საწოლში და ძველ ნაცნობებს გადაავლო გონებაში თვალი, მისი ბავშვობის მეგობრები და სკოლის ამხანაგები წლების განმავლობაში არ ენახა, ბევრის სახელიც კი ვერ გაიხსენა, ვინც ახსოვდა მათი უმეტესობა უკვე წასულიყო პატარა ქალაქიდან და დიდ ცხოვრებაში ჩაკარგულიყო, ქალაქში დარჩენილთაგან ზოგი მომკვდარიყო, ზოგს ცოლ-შვილი ჰყავდა, თავისი საზრუნავი აწუხებდა და ჯონისთვის არ ეცალა, დანარჩენებთან კი თავად ჯონის არ სურდა ურთიერთობა (ლოთები, მათხოვრები, ნარკომანები)
საწოლიდან წამოდგა და ოთახი მოათვალიერა: ორიოდ სკამი, ტელევიზორი და მის წინ მდგარი გაცრეცილი სავარძელი, კარმოტეხილი კარადა, ზამბარიანი საწოლი და პატარა ელექტრო ღუმელი, ეს იყო მთელი მისი ავლადიდება, ყველაფერი ძალზე ძველი და მოუვლელი იყო.
"-ერიჰაა, წლები ისე გადის ვერც კი ვამჩნევ დამ თელ დროს რაღაც სულელური ლატარიის თამაშს ვანდომებ..." გაიფიქრა.
მართლაც წლები გასულიყო, ცხოვრების ნახევარი უკვე გაევლო და არაფერი გააჩნდა, უამრავი ძველი, გამოუსადეგარი ლატარიის ბილეთისა და გამდიდრებაზე უტოპიური ოცნების გარდა. გული დაწყდა, უგუნებოდ ისაუზმა, ამ დილით ყველაფერი უგემური ეჩვენებოდა.დანაღვლიანებული გამოვიდა სახლიდან და ქალაქში გაისეირნა, მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ მისი ახალგაზრდობის შემდეგ ყველაფერი ძალზე შეცვლილიყო, სახლები მოძველებული მოეჩვენა, ზოგიერთი საერთოდ აღარ დახვდა იქ სადაც ეგულებოდა, მისი ახალგაზრდობის დროინდელი სკვერი გაპარტახებული დახვდა _არადა რამდენი საღამო გაუტარებია სკოლაში სწავლის პერიოდში ამ სკვერში... მაშინაც იჯდა და ოცნებობდა, ოღონდ მაშინ ოცნება სხვანაირი იყო სწავლაზე, მოგზაურობაზე, პოპულარობაზე, თავის კლასელ ლელაზე... ერთხელ კი ის წყეული პირველი ლატარიის ბილეთი იყიდა.
ჯონიმ იმ ქუჩაზეც გაიარა, ადრე ლელა რომ ცხოვრობდა, მისი ფანჯრის ქვეშ გაჩერდა და ჩაფიქრდა. ცოტა ხანში პატარა ბავშვმა მოირბინა, გაკვირვებულმა შეათვალიერა და იმ ფანჯარას ახედა რომელზეც ჯონი ფიქრობდა:
-ბებიააა!
ჯონი სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას, `ლელა გათხოვილია, და უკვე ბებიაა~ გაიფიქრა.მისი ნახვა არ უნდოდა, დაბერებული ლელა კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა თავსი მდგომარეობის იდიოტურობაში.
შინისაკენ წავიდა, თავისი ქუჩის შესახვევთან ჯიხური იდგა და იქ შეჩერდა, სწორედ ამ ჯიხურში ყიდულობდა ხოლმე ყოველ დილით გაზეთებს და ლატარიის ბილეთებს, ახლაც იყიდა სამიოდ გაზეთი და ერთი ცალი რაღაც ახალი ლატარიის ბილეთი.ბილეთს დახედა, პატარა ყვითელი ქაღალდი იყო, გათამაშებას `მილიონიანი ლატარია~ ერქვა, ბილეთზე გარდა დასახელებისა, ციფრების კომბინაცია და გათამაშების წესები ეწერა, იქვე სიხარულისაგან სახეგაბრწყინებული, ხელებგაშლილი კაცი ეხატა, კაცი საკმაოდ გავდა ჯონის და ეტყობოდა რომ მილიონი ნამდვილად არ მოუგია, უბრალოდ რეკლამაში გადაიღეს და შეიძლება ამაში ცოტა ფულიც კი გადაუხადეს.
გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, ქუჩაში მიმოიხედა, თითქმის არავინ იყო, სადღაც ქუჩის ბოლოში ორი ბავშვი მირბოდა, მოშორებით მათხოვარი იჯდა, მასთან ყველაზე ახლოს ერთი ხანშიშესული ქალი იყო, რომელიც სავარაუდოდ ბაზრიდან მოდიოდა, ჩანთებით დატვირთული:
-გამარჯობა, აი ეს ბილეთი ინებეთ, გათამაშება დღეს საღამოს არის, თუ გაგიმართლებთ შეიძლება მილიონი მოიგოთ...
-დიდი მადლობა, მაგრამ რატომ მაძლევთ?...
-...
ჯონი უხმოდ შეტრიალდა და წავიდა.
სახლში მივიდა, დასაძინებლად ადრე დაწვა, უნდოდა კარგად გამოეძინა, მეორე დღიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა, პატარა ქალაქიდან წასვლას და პროფესიის შეცვლას, იმის იმედად, იქნებ ჯერ კიდევ არ არისო გვიანი.
მეორე დილით ადრე ადგა, მოწესრიგდა, წვერი გაიპარსა, გემრიელად ისაუზმა, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა და უკვე სახლიდან გასვლას აპირებდა, როდესაც თვალი ტელევიზორისკენ გაექცა, გადაწყვიტა ახალი ამბების გამოშვებისათვის მოესმინა, სურდა თანამედროვეობაში გათვითცნობიერებული და ინფორმირებული ყოფილიყო....
ტელევიზორი ჩართო, იქ წინა დღის `მილოიონიანი ლატარიის~ გამარჯვებულს აჯილდოვებდნენ...გამარჯვებული კი ხანშიშესული ქალი იყო, აი ის წინა დღეს რომ ბაზრიდან მოდიოდა...
ჯონის გული გაუსკდა!...
ტატო
2006წელი, იანვარი

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *