წარმატებული ექსპერიმენტი

მაიმუნი, რომლის ამბავიც მინდა გიამბოთ, ტყეში ცხოვრობდა, ქალაქთან ახლოს, მარტო და თავისუფალი. ძალზე ჭკვიანი იყო-ფიქრი და ანალიზი შეეძლო. ადამაინებს ხშირად ხედავდა და უნდოდა მათნაირი ყოფილიყო. მათსავით ჩაეცვა, გაბღენძილიყო და ქუჩაში გაევლო, მაგრამ ვერ ბედავდა, ფიქრობდა დამცინებენო. ნაღვლიანად უთვალთვალებდა ხოლმე ტყეში საქეიფოდ ამოსულებს, რომლებიც ჯერ საჭმელს ჭამდნენ, იცინოდნენ, ყვიროდნენ, ბოთლებიდან რაღაცას სვამდნენ და მერე ორ-ორად ბუჩქებში იფანტებოდნენ ხოლმე.
ერთ საღამოს, როდესაც ტყეში მოსული ადამიანები, ჩვენთვისაც და მაიმუნისთვისაც უკვე კარგად ნაცნობი საქმის საკეთებლად ბუჩქებში გაუჩინარდნენ, ჩუმად გამოძვრა სამალავიდან და მათი ხორაგიდან ერთი ბოთლი უცნაური სითხე აწაპნა, იქვე დამალა და ადამიანების წასვლად დაელოდა.
ნასვამ და ნასიამოვნებწყვილებს ბოთლის დაკარგვა არც შეუმჩნევიათ, მოწესრიგდნენ და ქალაქისკენ წავიდნენ.
მარტო დარჩენილი მაიმუნი თამამად გამოვიდა მინდორზე და თავისი განძის შემოწმებას შეუდგა. ბოთლს თავი მოხადა, ჯერ დასუნა, მერე ცოტა მოსვა-ყელი ჩაეწვასავით, სამაგიეროდ მუცელი გაუთბა სასიამოვნოდ და კიდევ მოუნდა დალევა. ბოთლი გამოსცალა, ყელი ისევ ჩაეწვა, გულმუცელი კი გაუხურდა. ცოტა ხანში თვალები აემღვრა, თავბრუ დაეხვა, ტანი დაუბუჟდა და აუმსუბუქდა, საკუთარი თავი შეუყვარდა, ღირსების გრძნობა გაუჩნდა, წელში გაიმართა.
თავმომწონედ გაიარ-გამოიარა მინდორზე და დინჯად წარმოსთქვა ადამიანებისაგან ყველაზე ხშირად გაგონილი ფრაზა: "რა ლამაზი ხარ !..." გამოთქმა სრულებით არ გასჭირვებია და მეორე ფრაზაც წამოიძახა. ლაპარაკი ძალზე ადვილად გამოუვიდა, გაუხარდა და... ცოტა ხანში ამაყად მიაბიჯებდა ქალაქის ქუჩებში. მართალია თავი სტკიოდა, მაგრამ გახარებულს არც ტკივილი ახსოვდა და არც ის, რომ ტყიდან სრულიად შიშველი იყო წამოსული.
გამვლელები გაოცებულები უყურებდნენ ან პირიქით, დემონსტრაციულად არიდებდნენ თვალს. ეგონა მაიმუნი ქუჩაში რომ მიაბიჯებს ეგ უკვირთო, სინამდვილეში კი ადამიანებს მისი სიშიშვლე უკვირდათ.
სად იყო და სად არა, მაიმუნის წინ ორი წვერგაუპარსავი, შავტყავისქურთუკიანი კაცი გაჩნდა, მათ ჩვენს გმირს საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რაც არ ჰქონდა რას მისცემდა და ტყავისქურთუკიანებმა უმალ მიაბრძანეს სადაც ჯერ არს. შეშინებულმა მაიმუნმა მღელვარებისა და ბახუსისაგან გონება დაკარგა.
როცა გამოფხიზლდა, სადღაც ოთახში იჯდა, ხელებზე რკინის რგოლები ეკეთა, ვიღაცის ძველი შარვალი ეცვა, მოშორებით სამი ადამიანი იდგა და ერთმანეთში საუბრობდა. ცოტა ხანში ერთერთმა მაიმუნის გაღვიძება შენიშნა დ მიუახლოვდა:
-აბა ახალგაზრდავ, როგორ გრძნობ თავს?...
თავი სტკიოდა, კუჭი ეწვოდა, გული უფრიალებდა და პირი ჰქონდა გამშრალი...
-ერთი შენი სახელი მითხარი მოქლაქევ?!...
განაგრძო გამოკითხვა კაცმა.
-მე მაიმუნი ვარ სახელი არ მაქვს
ამოილუღლუღა ნაბახუსევმა.
-ჰა, ჰა, ჰა, გაიგეთ რა თქვა? მაიმუნი ვარო...
მაიმუნს და კაცს დანარჩენი ორიც მოუახლოვდნენ:
-მაიმუნია, მა რა ჯანდაბაა, გახეული მთვრალი შუაღამისას ქუჩაში შიშველი დარბოდა...
-ისე მართლა კი გავს მაიმუნს ხო იცი შენ?!...
დაამატა მესამემ.
კაცებმა ბევრი იცინეს. მერე პირველი კვლავ დაბნეულ მაიმუნს მოუბრუნდა:
-კარგი გვეყო მაიმუნობა, სახელი მითხარი შენი და ერთი ამიხსენი სად ჩაცეცხლე იმდენი, რომ მთლად გამოლენჩდი, გიჟივით დარბოდი ქუჩაში ტიტველი და ხალხს აშინებდი?...
მაიმუნმა ძალა მოიკრიბა და ჩაიბურდღუნა:
-სახელი არა მაქვს, მე მაიმუნი ვარ, ტანსაცმელი არ მაქვს და როგორ ჩამეცვა?!.... მომხსენით რა ეს რაღაც რკინები და წავალ ტყეში, ჩემს სახლში...
-მაიმუნს გიზამ მე შენ, ლაწირაკო, ამოგალპობ კამერაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და ხულიგნობისთვის, წესიერად მიპასუხე რო გელაპარაკები, ვირო!!!...
იღრიალა უცებ მოთმინებადაკარგულმა, წესრიგის დამცველმა. მაიმუნი შეშინდა, ადამიანთა ენაზე ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა და უთავბოლო ბურდღუნს მოჰყვა.
-ივანიჩ, ეს საცოდავი მგონი მთლად დაწყობილი ვერ უნდა იყოს, ხო იცი შენ !...
ჩაერია საუბარში მეორე კაცი, რომელიც მანამდე ჩუმად აკვირდებოდა მაიმუნის საქციელს.
-მართალი ხარ, მართლა გიჟია ეს უპატრონო....
-გთხოვთ ტყეში გამიშვათ, ხეზე თავდაყირა უნდა ჩამოვეკიდო, თორე თავი გამისკდება ტკივილისგან, მტკივა, ძალიან მტკივა...
ამოილუღლუღა გასაცოდავებულმა პრიმატმა. კაცებს გაეცინათ, ერთმანეთს რაღაც ანიშნეს და მაიმუნისკენ დაიძრნენ. შეშინებულმა შიშისა და თავის ტკივილისაგან კიდევ ერთხელ დაკარგა გონება, სადღაც წაიყვანეს.
ცხვირში უსიამოვნო სუნი იგრძნო, დაიჭყანა და თვალები გაახილა: ამჯერად სხვა კაბინეტში იჯდა და თავზე სხვა სამი კაცი წამოსდგომოდა, თეთრხალათიანები...
-გამარჯობა მეგობარო
მიმართა ერთერთმა, ყველაზე ასაკოვანმა, თეთრწვერიანმა
-გამარჯობა
_როგორ ბრძანდებით?
-თავი მტკივა და მუცელი მეწვის...
-გა სა გე ბი აააა...
ჩაილაპარაკა თეთრწვერიანმა, თვალების ქუთუთოები ჩამოუწია, ცოტა ხანს მიაშტერდა, მერე დანარჩენებს მიუბრუნდა:
-ტიპიური, მკვეთრად გამოხატული პოსტ ალკოჰოლური სინდრომი...
კავლავ მაიმუნთან განაგრძო საუბარი:
-მოდი გავიცნოთ ერთმანეთი, მე სოსო მქვია, მაგრამ ყველა ბესოვიჩს მეძახის, შეგიძლია შენც ასე მომმართო, ახლა შენ მითხარი შენი სახელი?!...
-მე მაიმუნი ვარ...
-ძალიან კარგი, ჩვენ აქ უკვე გვყავს რამოდენიმე მაიმუნი, სამი თუ ოთხი მაჩვი, ორი დათვი და მგონი ერთი კურდღელიც უნდა იყოს სადღაც, თუ უკვე არ დაავიწყდა. მაგრამ მათ ყველას აქვთ სახელები რომლითაც მივმართავთ, აბა უსახელო მაიმუნი სად გაგონილა?!...
-არა, თქვენ ვერ გამიგეთ, მე ნამდვილი მაიმუნი ვარ, ტყეში ვცხოვრობ, არც სახლი მაქვს და არც სახელი...
-სახლი არ გაქვს? აბა სად გძინავს ხოლმე?
თანაგრძნობით კითხა ბესოვიჩმა.
-რომელიმე ხეზე ავძვრები და ფეხით ვეკიდები ხოლმე, როგორც კი დაღამდება
-ძალიან ცუდი, თუ მასე აკეთებ, ხეზე ფეხით დაკიდებული ძილი ჯანმრთელობისათვის ძალიან საზიანოა... მოდი ასე შევთანხმდეთ, ცოტა ხანს ჩვენთან დრჩი, დაისვენე, დამშვიდდი, გამოიძინე და ჩვენი საუბარი მერე განვაგრძოთ კარგი?!.... მეათე პალატაში!
დაავალა ბესოვიჩმა დანარჩენ თათრხალათიანებს, იმათაც მაიმუნს ხელი ჩაავლეს და ძალით წაიყვანეს მეათე პალატისაკენ. მოულოდნელად ვიღაცამ ჩაირბინა ყვირილით:
-ჭეშმარიტი ფილოსოფოსი კი არ უნდა უფრთხოდეს სიკვდილს, არამედ უნდა ესწრაფვოდეს მას, სალახანებო!... მომეცით ჩემი საწამლავიანი თასი...
მაიმუნმა გაკვირვებულმა გააყოლა თვალი. გზა განაგრძეს, გრძელ დერეფანში მიდიოდნენ, გზად ორი კაცი შეხვდათ, რომლებიც გატაცებით საუბრობდნენ და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ:
-რაღა თქმა უნდა თქვენი სიმფონია აღმაფრთოვანებელია ძვირფასო ლუდვიგ, მაგარმ ვალსს ვერაფერი შეედრება...
-ნება მომეციტ არ დაგეთანხმოთ ჰერრ იოჰან ვინაიდან...
კამათში გართულებმა მაიმუნსა და მის მხლებლებს ისე ჩაუარეს ერთიც კი არ გამოუხედავთ მათთვის. მაიმუნი და ორი თეთრხალათიანი კიბეს მიუახლოვდნენ და ისი ის იყო მეათე პალატისაკენ აუყვნენ მას რომ უცებ რაღაც ბრახუნი გაისმა, რომელსაც არანორმალური ხარხარი მოჰყვა.
-აუ, ამ უსამამ ტვინი წაიღო, ნეტა შეიძლებოდეს და დიდი სიამოვნებით ჩამოვუღებდი კბილებს ცემით!...
ჩაილაპარაკა მაიმუნის ერთერთმა თანმხლებმა. კიბე დამთავრდა და კვლავ დერეფანი დაიწყო, აქ იკ არც მეტი,არც ნაკლები -პოლიტბიუროს სხდომა მიმდინარეობდა. ჩვენს მაიმუნს რა თქმა უნდა წარმოდგენა არ ჰქონა რა არის პოლიტბიურო, თან იქ განხილული საკითხები მგონი არც ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან საინტერესო, ამიტომაც აქ ნუღარ შევჩერდებით და კვლავ მაიმუნს მივყვეთ.
მეათე პალატა პატარა, მყუდრო ოთახი იყო, გისოსებიანი ფანჯითა და ასეტივე კარით. დღეში რამოდენიმეჯერ თეთრხალათიანი კაცი მოდიოდა და მაიმუნს რაღაც ტაბლეტებს აყლაპებდა. თერტმეტ საათზე ძილის დრო იყო და შიგნით კეტავდნენ, სხვა დროს კი უფლება ჰქონდა კლინიკის ტერიტორიაზე თავისუფლად ესეირნა.
რამოდენიმეჯერ გაქცევა სცადა, მაგრამ რამდენჯერაც კედელზე შეხტომა სცადა იმდენჯერ მკვეთრმა დარტყმამ მოაბრუნა უკან და მერე მტელი დღე კუნთები საშინლად სტკიოდა, ამიტომ გადაწყვიტა კლინიკიდან სხვანაირად დაეღწია თავი, მალე მიხვდა რომ ამისათვის ბესოვიჩთან წარმატებული საუბარი იყო საჭირო. გადაწყვიტა იქ მყოფი ადამინების ქცევას დაკვირვებოდა, მათი ქცევები ესწვლა და მერე ეს ყველაფერი ბესოვიჩთან საუბარში გამოეყენებინა.
უამრავი ადამიანი გაიცნო და მრავალი ამბავი გაიგო:
ეგვიპტეში თურმე ვიღაც სფინქი ცხოვრობდა, რომელსაც ვიღაც ნაპოლეონმა თუ ბონაპარტემ(ზუსტად ვერ გაარკვია კერძოდ რომელმა) ცხვირი მოსტეხა და ეს იმდენად საამაყო საქმე იყო, რომ რამოდენიმე კაცი იბრალებდა...
ვიღაც ულვაშებიანი იმიტომ დაემწყვდიათ, რომ ამბობდა, ვისაც ცისფერი სისხლი არ აქვს დავხოცოთო...
ვალსის და სიმფონიების მოყვარულებზე უკვე მოგახსენეთ და მათ გარდა აქ იყვნენ:
ჯორდანი, რომელიც ყოველ დღე დადგებოდა და გაჰყვიროდა -ის მაინც ბრუნავსო, კაცი რომელსაც ორი სახელი (სალვა და დალი) ჰქონდა, გრზელ ულვაშებს ატარებდა, დადიოდა წინ და უკან და ყველას თავის ღირსებას უჩვენებდა, მას ერთი წვერიანი დასდევდა ზიგმუ და როდესაც სალვა(იგივე დალი) შარვლის გახსნას იწყებდა გაიძახოდა -აი შეხედეთ, ყველაფრის საწყისი მთელს დედამიწაზე ეს არისო...
აქ იყვნენ ხუთიოდ ბრეჟნევი, ამდენივე პროლეტარიატის ბელადი, ათამდე წინასწარმეტყველი, ბლომად პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.
ყველაზე მეტად მაიმუნს ერთი კაცი მოსწონდა, რომელიც ამბობდა, ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერია, მუდმივი ევოლუცია მიმდინარეობს და თვით ადამიანიც მაიმუნისგან არის წარმოშობილიო.
მოკლედ ასე ერტობოდა ჩვენი მაიმუნი კლინიკაში და თან რაღაცეებს სწავლობდა. ამასობაში გავიდა რამოდენიმე თვე.
* * *
-მაშ ასე ბატონო, როგორ ბრძანდებით? რახანია არ შევხვედრილვართ... უი მთელი ექვსი თვე გასულა....
-გმადლობთ, კარგად ვარ, თავად როგორ გიკითხოთ ბესოვიჩ?
-მეც არა მიშავს, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, რამდენადაც ვიცი თქვენ გათავისუფლება მოითხოვეტ და აცხადებთ, რომ საბოლოოდ განიკურნეთ?!...
-დიახ, ასე გახლავთ
-არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თქვენი ავადმყოფობის ისტორიაც ადასტურებს თქვენს სურვილს, მაგრამ მაინც, ფორმალობისათვის, ნება მიბოძეთ რამოდენიმე კითხვა დაგისვათ?!...
-მზად ვარ გიპასუხოთ
-შეგიძლიათ ქთვენი სახელი და მისამართი მითხრათ?
-გიორგი ქორიძე, ვცხოვრობ ლენინის ქუჩაზე ნომერ ორში...
-პროფესია თუ გაქვთ?
-მშენებელი ვარ, მაგრამ აქ მოხვედრამდე ღამის დარაჯად ვმუშაობდი...
-რას იტყვით თქვენს მიერ აქამდე აკვიატებულ იდეაზე, თითქოსდა.... უკაცრავად და.... მაიმუნი ხართ?
-სისულელეა, დეპრესიაში ვიყავიდა მეგონა ამით საზოგადოებისადმი პროტესტს გამოვხატავდი.... ეს რა თქმა უნდა შეცდომა იყო, რადგან ადამიანობის უარყოფა შეუძლებელია, ის ხომ ბუნებაში ყველასაგან გამორჩეული და ერთადერთი მოაზროვნე არსებაა
-ძალიან კარგი, ძალიან კარგი, თქვენი წარსულიდან რამეს ხომ არ გვიამბობდით?
-გთხოვთ, წარსულის გახსენება ჩემთვის ძალზე მტკივნეულია, ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო და ამიტომ გთხოვთ, ნუ მაიძულებთ...
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, თქვენი ნებაა, მომავლის გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
-წავალ სახლში, პირველ რიგში კარგად გამოვიძინებ, თორემ ამ დამთხვეული უსამას გადამკიდე, თავი მისკდება, მერე ვეცდები სამსახური ვიშოვო...
-თუ ვერ იშოვით?
-იმედი მაქვს რამეს მოვახერხებ, ჩემი ფიზიკური მონაცემების პატრონს მტვირთავობაზე მაინც არავნ მეტყვის უარს...
-რას იტყვით მეგობრებო, მგონი შედეგი ფანტასტიკურია.ააა?!....
მიუბრუნდა ბესოვიჩი კაბინეტში შეკრებილ, რამოდენიმე თეთრხალათიანსა და ერთ შავტყავისპალტოიანს, რომლებიც მთელ ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ისხდნენ და უბის წიგნაკებში რაღაცეებს ინიშნავდნენ.
ბესოვიჩი კვლავ მოსაუბრეს მიუბრუნდა:
-მაშ ასე, ძვირფასო გიორგი გმადლობთ, ექსპერმენტი დასრულებულია!...
გიორგიმ შვებით ამოისუნთქა, ბესოვიჩმა კი კარი გააღო და დაიძახა:
-მანდ დერეფანში ზოოპარკის თანამშრომლები იცდიან და დუძახეთ შემოვიდნენ ! ! !...
........................
ტატო
29.01.2003

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *