განთიადი

როდესაც თვალი პირველად გაახილადა მიმოიხედა, ვერაფერი დაინახა, წყვდიადი იყო და არაფერი ჩანდა.

აწრიალდა, რაღაცას დაუწყო ძებნა, ოღონდ რას თვითონაც არ იცოდა.

ირგვლივ მისნაირები ირეოდნენ, ისინიც რაღაცას ეძებდნენ.

ეძებდნენ სხვადასხვანაირად: დინჯად, ისტერიულად, ყურადრებით,უგულისყუროდ, მონდომებით, ტირილით, ხვეწნით, ჩხუბით, ყვირილით.საშინელი ღრიანცელი იდგა, ვერავინ ვერაფერს ვერ პოულობდა.

ვერ პოულობდნენ, რადგან თვითონაც არ იცოდნენ რა უნდა ეძებნათ.

უბრალოდ ხვდებოდნენ, რომ სიბნელეში სადღაც რაღაცა იქნებოდა დაფარული და ამ დაფარულისათვის აწყდებოდნენ უთავბოლოდ აქეთ-იქით.

მათი შემხედვარე მიხვდა, რომ განსხვავებული გზა იყო საჭირო და გადაწყვიტა ჯერ ისეთი ვინმე მოეძებნა, ვისაც ეცოდინებოდა სინამდვილეში რა იყო საპოვნელი. 

ვიღაცას ხომ უნდა სცოდნოდა, სადმე, თუნდაც შორს ყოფილიყო ის ვიღაც,და თუ არავინ იცოდა, მაშინ გამოდიოდა,რომ არაფერია დამალული და ყველა ტყუილად ირჯებოდა-ვერავის მიაგნო.

ბევრი იარა, ბევრ მისნაირს შეხვდა, ბევრის ნააზრევი მოისმინადა თითქმის დაიჯერა, რომ ვერასდროს მიაგნებს იმ რაღაცას,რასაც თვითონ ბედნიერება და ჭეშმარიტება უწოდა.

მაგრამ არა-თითქოს რაღაც თუ ვიღაც უხილავი კარნახობდა

-არის ოღონდ ჯერ ვერ ხედავო.

სიარული განაგრძო.
აღარ ეძებდა, უბრალოდ აკვირდებოდა და სწავლობდა.ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო,გრძნობდა რომ სწორი გზით იწყო სვლა.

ირგვლივ კვლავ მისნაირებიირეოდნენ და წყვდიადში ისტერიულ ძებნას განაგრძობდნენ, ვიღაცეებს თითქოს რაღაცისთვის მიეგნოთ კიდეც, მაგრამ ისეთი უბედურები, საცოდავები იყვნენ და იმდენად იყვნენ საკუთარ მონაპოვარზე მიჯაჭვულნი, რომ უკუნეთშიც კი კარგად ჩანდა-სინამდვილეში ამ უბედურებს ის მცირედიც დაჰკარგვოდათ, რაც სხვებს ძებნის დაწყების და სიახლის შეცნობის სურვილს უჩენდა.

ამათი შემხედვარე ცოტა არ იყოს დაიბნა, გამოდიოდა რომამქვეყნად რაღაცის პოვნას უბედურება მოჰქონდა და სამუდამოდ აშორებდა ჭეშმარიტებას.

აქ ისევ უკარნახა ვიღაცამ თუ რაღაცამ შიგნიდან-სიმართლესთან ახლოს ხარ და კარგად დაუკვირდიო.

შეჩერდა, შინაგან ხმას ყური მიუგდო, ის სიმართლეს ეუბნებოდა, არაფრის ძებნა საჭირო არ იყო, ყველა კითხვაზე პასუხს თავად ფლობდა, მხოლოდ დანახვა არ შეეძლო.
შვებით ამოისუნთქა, საკუთარ თავს,საკუთარ მე ჩაუღრმავდა და...

სინათლე დაინახა.

მიმოიხედა – გარშემო კვლავ ბნელოდა დაიგრძნო რომ ეს სინათლე მასში იყო  – შიგნით!...

ყველაფერს მიხვდა. მიხვდა და თვალებში სინათლე ჩაუდგა.

მეორე მისნაირი დაინახა, ის სასოწარკვეთილი, მუხლებზე დაცემულიყო და ტიროდა, ხვდებოდა გზას რომ ასცდენოდა და შველას ითხოვდა.
მივიდა, წამოაყენა, თვალებში ჩახედა და თავისი სინათლე დაანახა, ისიც ყველაფერს მიხვდა. მიხვდა და მასაც სინათლე ჩაუდგა თვალებში.

ახლა ორნი იყვნენ, დადიოდნენ, ასწავლიდნენ და ანათლებდნენ გზააბნეულ ადამიანებს. 

ძნელი იყო, ზოგს არ სჯეროდა, ზოგი ვერ ხვდებოდა.იღლებოდნენ,მაგრამ იცოდნენ, რომ სწორად იქცეოდნენ და არ ნებდებოდნენ.

თვალებში სინათლეჩამდგართა რიცხვი მატულობდა, მატულობდა მათგან მომავალი სითბო და მალე იმათაც იწყეს რაღაცის მიხვედრა, მანამდე რომ ეგონათ ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნი გვაქვსო.

წყვდიადი იფანტებოდა, ადამიანთა შორის სასოწარკვეთა, უიმედობა, აგრესია და ისტერიკა ქრებოდა.

სითბო, თანაგრძნობა, სიყვარული იბადებოდა და:

-ოი ლილეეეეეე!......მოისმა შორიდან.

დედამიწაზე თენდებოდა და მთაზე ასული გონება განათებული ადამიანები მზეს ესალმებოდნენ...


ტატო
2003წელი ივლისი

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *