პატარა ჩანახატი თოვლზე

ბოლო დღეები საკმაოდ ცუდად ვიყავი, სახლში ვიჯექი, უფრო სწორად ვიწექი და წელი მტკიოდა, არც ახალ წელზე, არც სამსახურზე (მომკლავს დალაქა რო წაიკითხოს მარა რა ვქნა ცოდვა გამხელილი სჯობსო) და არც რამე აზრიანზე ფიქრი არ შემეძლო, ვიწექი და ტელევიზორის პულტს ვაწვალებდი (ეს მართლა პულტის წვალება იყო, ამდენ არხზე ნორმალურს ვერაფერს იპოვი კაცი) მერე ესეც მომბეზრდა და ისევ ფიქრი დავიწყე, ბევრი რამე გამახსენდა, კარგიც და ცუდიც, მათ სორის ისიც ადრე ნოველებს რომ ვწერდი და მეგონა ამ ჩემი წერით საქართველოს მომავალი რობაქიძე თუ არა ვინმე ისეთი მოსახსენიებლად რომ ღირს (სპეციალურად არავის ვასახელებ, არ ეწყინოთ) ეზრდებოდა. რამოდენიმე მაშინდელი ნოველა თქვენც შეგიძლიათ იხილოთ აქვე ბლოგის ბოლოში(არცერთი კომენტი რომ არ ადევს ეგენია) მერე წერას შევეშვი და რარაც სხვა რამეების კეთება დავიწყე, მოკლედ საით მივდივარ, გადმოვიღე ეს ჩემი ნოველები წელმტკივანმა და ერთი ცალი მომეწონა (მოკლედ ნელ ნელა გაპარებთ ჩემს ბავშვობისდროინდელ ნაშრომებს) თოვლზე და ზამთარზე იყო, ჰოდა რადგან ბოლო პერიოდი გადავწყვიტე ძირითადად საახალწლო თემით დავტვირთო ამ ნოველასაც წაგაკითხებთ (რა თქმა უნდა თუ არ დაგეზარებათ) მართალია ახალ წელზე არაა თოვლზეა, მაგრამ ახალი წლის ერთ-ერტი ატრიბუტი ხომ თოვლიცაა და სანამ ეს უკანასკნელი აგვიაებს, მანამდე მოდიტ ცოტა ვიფანტაზიოროთ:
...
”ნეტა მოთოვოს”- გაიფიქრა და ფანჯარაში გაიხედა. ღამის ქალაქს თვალი მოავლო: მანქანების მაშუქების, ფერადი სარეკლამო აბრებისა და ღამის განათების ნათურებისაგან ფერშეცვლილ ქალაქს...
მდინარე - გონება არეული, გარიყული და სუსტი ადამიანების უკანასკნელი და სამუდამო თავშესაფარი, ზანტად მიიკლაკნებოდა და შავ ნაიარევად აჩნდა აჭრელებულ ქალაქს. ქუჩაში ფეხით მოსიარულეები თითქმის აღარ იყვნენ: იშვიათად თუ ჩაიფრატუნებდა რომელიმე ფეხ და გზა აბნეული მთვრალი, ან სწრაფი ნაბიჯით ჩაივლიდა ყოველ მოახლოვებულ მანქანაზე უხმო ვედრებით თვალებმიპყრობილი დაგვიანებული მგზავრი.
გარეთ ციოდა, ქარი ზუზუნებდა და ბაზრობის ტერიტორიაზე, დღის განმავლობაში დაგროვილი ნაგავი: პაკეტები, ქაღალდის ნაგლეჯები, საკვების ნარჩენები, გვიანი შემოდგომიდან შემორჩენილი ფოთლები უწესრიგოდ და უმისამართოდ ირეოდნენ ერთმანეთში, უამრავ სხვადასხვა ფერის შუქს ირეკლავდნენ და მათი ერთიანობა მასიური, ნამთვრალევი და ფეხარეული ცეკვის ასოციაციას ქმნიდა.
ღამით ქალაქს ცა არ ჰქონდა. მთვარე და ვარსკვლავები მაღალი შენობებისა და ქუჩის განათების ბოძების უკან თუ ზევით იკარგებოდნენ და ქალაქი ერთ დიდ ქვაბს ემსგავსებოდა რომელშიც კარგი და ცუდი, ლამაზი და მახინჯი, კეთილი და უზნეო, ყველანი ერთად იხარშებოდნენ...
”ქაჯთა ქალაქი”- ჩაილაპარაკა ჩუმად და ოთახში შებრუნდა. იქ სანთელი ენთო და ღუმელი გიზგიზებდა. მაგიდაზე ერთი ბოთლი წითელი ღვინო, ახალი პური და სოფლიდან წინა დღით ჩამოტანილი სულგუნის რამოდენიმე ნაჭერი ეწყო. იქვე რამდენიმე ცარიელი - ბევრი დაჭმუჭნული ქაღალდი და კალამი...
უკვე რამოდენიმეჯერ სცადა, არაფერი გამოსდიოდა, წერას ვერა და ვერ იწყებდა, იცოდა რისი თქმაც სურდა, როგორ უნდა დაეწერა ისიც მოფიქრებული - თითქოს, მაგრამ მიუჯდებოდა თუ არა მაგიდას გონება ერეოდა, აზრებს ერთად ვერაფრით უყრიდა თავს, იბნეოდა და ათასგვარ სისულელეზე იწყებდა ფიქრს.
მორიგი ქაღალდი დაჭმუჭნა, ღვინო მოსვა, სავარძელში ჩაეშვა და სანთელს მიაშტერდა...


.
მაღალი, დინჯად მიძინებული მთების კალთებს მთვარის სუსტის სხივები ეფერებოდნენ. ტყის ღამისეულ სიშავესა და იდუმალებას თოვლის თეთრი ფერი ათბობდა, მის სიმკაცრეს რომანტიულობას, სინაზეს და სიცელქეს უნაცვლებდა... სოფელს ეძინა, მხოლოდ რამოდენიმე საკვამურიდან ამოდიოდა ბოლი და ორი თუ სამი ფანჯრიდან სანთლის სუსტი სანთლის შუქი იპარებოდა გარეთ. სიჩუმეს ძალზე იშვიათად, რომელიმე ძილდამფრთხალი ერთგული ძაღლის წამოყეფება არღვევდა მხოლოდ. აივანზე იჯდა, ღამის სოფელს, მის მიდამოებს გაჰყურებდა და ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ბუნების სილამაზის და იდუმალების ხილვის, აღქმისა და დაფასების უნარი მისცა.

.
გახარებულმა გაიღვიძა, გათენებულიყო, ოთახში ღუმელი ენთო და სასიამოვნო სითბო იდგა. ოთახი უჩვეულად განათებული ეჩვენა, თავში ერთმა აზრმა გაუელვა და იმედიანად მიაშურა ფანჯარას:
ქალაქს ეძინა, ცარიელ ქუჩებსა და ნაცრისფერ სახლებს თხელი თეთრი ზეწარი გადაჰფენვოდათ, ღამით საშიში და პირქუში მდინარე ჩუმად, მზრუნველად მისრიალებდა, რათა ტკბილ სიზმრებში ჩაფლული ქალაქელებისათვის ძილი არ დაეფრთხო, ჰაერში უხილავი გრძნობა - სიყვარული ტრიალებდა და ყველაფერი ერთ უზარმაზარ თეთრ სითბოს მოეცვა...
სახე ბედნიერმა ღიმილმა გაუბადრა, სული გაუთბა, სიცოცხლე გაუხარდა, იგრძნო მიუხედავად ყველაფრისა როგორ უყვარდა თავისი ჭრელი ქალაქი.
თავისი სიხარულის ვინმესთვის, უფრო ზუსტად ყველასათვის გაზიარება უზომოდ მოუნდა, ოთახში შევიდა, სასწრაფოდ მოძებნა თავისი ყველაზე ახლო და ერთგული მეგობარი - კალამი და საქმეს შეუდგა, უკვე იცოდა როგორც უნდა დაეწყო...
”ქალაქში თოვდა”
...
ტატო
2002წელი დეკემბერი

Comments

This comment has been removed by a blog administrator.

Popular posts from this blog

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *