***

დილით ცუდ ხასიათზე გაეღვიძა, სიზმრად კვლავ თავისი ცოლი და შვილი ნახა, მასთან ერთად იყვნენ, ერთად ყოფნა უხაროდათ და სამივე ბედნიერი იყო, მერე მიხვდა რომ ეს სიზმარია და როდესაც გაიღვიძებს კვლავ მარტოობა და სევდა ელის... სწორედ ამიტომ გაეღვიძა ცუდ ხასიათზე. თითქმის ყოველ დილით ასე ხდებოდა, ხშირად უნატრია რომ სიზმარი არასოდეს დასრულებულიყო და სამუდამოდ საყვარელ ადამიანებთან დარჩენილიყო, მაგრამ არა, ბედნიერება სრულდებოდა და ტკივილიანი დილა იწყებოდა. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია მაგრამ ვერ შეძლო....
ცხოვრება ძალიან უყვარდა და არ ეთმობოდა...
ჩუმად წამოდგა, ჩაიცვა, სამზარეულოში გავიდა, ყავა მოადუღა და ჩუმადვე დალია, ხმის გამცემი არავინ ყავდა მარტო ცხოვრობდა, უცხო ქალაქში. ისედაც არ ლაპარაკობდა ბევრს, ვისთან რაზე უნდა ესაუბრა როცა ირგვლივ ყველა მასზე ბედნიერი იყო და თითქმის ვერავინ უგებდა, არც ცდილობდა ვინმესთვის რამე აეხსნა, თავისი სატკივარი და სადარდებელი მხოლოდ მისი იყო...
სახლიდან გამოვიდა და სამსახურისკენ გზას ფეხით გაუყვა, თავჩაღუნული მიდიოდა, ქუჩაში ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, არც აინტერესებდა, ეს მისი ქალაქი არ იყო. მისი ქალაქი სხვაგან იყო, სხვა ქვეყანაში, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ცოლ-შვილის დაღუპვამდე ცხოვრობდა, სადაც მეგობრები, ნათესავები ჰყავდა და ოდესღაც ბედნიერიც იყო.
თავსდატეხილი უბედურების შემდეგ იქ ცხოვრება ვეღარ შეძლო, ყოველი ქუჩა, ყოველი სახლი, სკოლა და პარკი, რომელშიც ცოლთან ერთად სეირნობდა ხოლმე, ნერვებს უშლიდა, თავის ტრაგედიას ახსენებდა და დამძიმებულ გულს კიდევ უფრო უმძიმებდა, ამიტომ მიატოვა ყველაფერი და სხვაგან გადაიხვეწა...
თავისი ქალაქი ძალიან უყვარდა და არ უნდოდა შესძულებოდა.
სამსახურში მივიდა, კორიდორში ყველა ესალმებოდა, ის კი მხოლოდ თავის ოდნავი დაკვრით პასუხობდა, აქ ყველას ეცოდებოდა და ესეც ნერვებს უშლიდა, ამის გამო ყველას გაურბოდა. უხმაუროდ, თითქმის ფეხაკრეფით შევიდა საგრიმიოროში.
ახალგაზრდობაში მასწავლებლობაზე ოცნებობდა, დაწყებითი კლასების პედაგოგობა უნდოდა, მართალია მისი ეს გატაცება ყველას უცნაურად ეჩვენებოდა და წარმატებული იურისტის ან ეკონომისტის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ მაგრამ, მაინც მასწავლებელი გახდა. ცხოვრობდა მშვიდად, უპრობლემოდ, მოიყვანა ცოლი, ისიც მასწავლებელი, ადამიანი რომელიც ბავშვობიდან უყვარდა, შეეძინა შვილი, პატარა_ქერა, თოჯინასავით ლამაზი გოგონა.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ამ დროს დადგა ის საბედისწერო დღე......
ნეტა არ ჩასძინებოდა...
ნეტა წინა ღამით ადრე დაეძინა...
ნეტა არ მოიეთოვა იმ დღეს...
ნეტა საერთოდ არ ჰყოლოდა მანქანა...
რამდენჯერ უნატრია დროის უკან დაბრუნება, რამდენჯერ დაუწყევლია საკუთარი თავი, მაგრამ ეს ვერაფერს ცვლიდა, მოსახდენი მოხდა, ცოლ-შვილი დაკარგა, თვითონ კი გადარჩა, გადარჩა რათა დარდი და დანაშაულის გრძნობა ცხოვრების ბოლომდე ეტარებინა...
კულისებში გავიდა და თავის მორიგ გამოსვლას დაუწყო ლოდინი... დარბაზს გახედა, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო, ყველა იცინოდა, ისმოდა მუსიკა_ცხოვრება გრძელდებოდა, აქ არავის აინტერესებდა მისი წარსული და ტკივილი. ყველაფერი კულისებში უნდა დარჩენილიყო და არენაზე მხიარული უნდა გასულიყო...
დიახ არენაზე!.....
ის ხომ კლოუნი იყო!....
ტატო
2006წელი, იანვარი

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *