მირაჟი?!...

ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო.

სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს.

ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ...

დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიანებდნენ შეკრებილი ადამიანები მოსაზრებებს, დებდნენ მზა რეცეპტებს და იგონებდნენ ახლებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ...

სისტემები და წყობილებები იქმნებოდნენ, ვითარდებოდნენ და ინგრეოდნენ, უამრავ ცოცხალ არსებას იწირავდნენ, მაგრამ შედეგი არ მოჰქონდათ.

ვერც ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობები ახერხებდნენ ადამიანთათვის საბოლოო შვების მოგვრას...

ევროპული მონარქიისა და კაპიტალიზმის მქადაგებლები ვერაფრით პოულობდნენ ღარიბი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და სოციალური თანასწორობის გზებს, ანტიკური ბერძნები დემოკრატიასა და ანარქიას შორის ზღვარის გავლებას, კომუნისტებსა და ფაშისტებს კი თავისი წყობიდან დიქტატურა და ტირანია ვერაფრით განედევნათ. ბუდისტებისათვის უნიჭო ადამიანებზე პასუხის გაცემა გამხდარიყო პრობლემა, ქრისტიანებს კი პირიქით, ნიჭიერებისათვის ვერ მოეფიქრებინათ ლოგიკური ახსნა კითხვებზე, ისლამი ძედმეტად მკაცრი იყო, პირველყოფილი თემურ-გვაროვნული წყობილება კი მოძველებული და აშკარად გამოუსადეგარი...

შეკრებილთ გაურკვევლობა და უიმედობა ეუფლებოდათ, კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აურზაურსა და ქაოსში გადაიზარდა, საერთო ენა ვერაფრით გამონახეს და როდესაც სასოწარკვეთილებმა აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ, ერთ ბოგანო მოხუცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა...

სხვა დროს არავინ მოუსმენდა, მაგრამ კამათისაგან დაღლილმა და თავმობეზრებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს გასართობად მაინც მოესმინათ მოხუცისათვის.

მოხუცმა ბევრი ისაუბრა ჰარმონიაზე, რწმენასა და სიკეთეზე, ბევრი დასცინეს, შეურაცხჰყვეს, მაგრამ არ შეიმჩნია და გამოაცხადა, რომ არსებობს ჰვეყნად ერი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად ცხოვრება და ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან, დასტურად კი თანამემამულეებს მოუხმო...

ყველას გაეცინა, გიჟად ჩათვალეს, მაგრამ მოხდა საოცრება, ბოგანო მოხუცი წელში გაიმართა, ღირსეულ, თეთრწვერა კაცად იქცა, თვალებში ძალა და გამარჯვებული გამომეტყველება ჩაუდგა, ჰორიზონტს გახედა, თავის მშობლიურ ენაზე რაღაც ხმამაღლა შესძახა...

მის გარშემო შეკრებილმა ბრბომ მოხუცის მზერას თვალი გააყოლა და ყველა ადგილზე გაშეშდა - იქიდან საითაც იხედებოდნენ მხედრები გამოჩდნენ:

მაღლებს, ჯანმრთელებსა და ტანშემართულებს, სიმართლის ლაღი ღიმილი ეწერათ სახეზე, დინჯად, საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით მოაჭენებდნენ ბედაურებს...
თმაშევერცხლილ, ძლიერ ვაჟკაცებს ყოველ ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ჰქონდათ გამჯდარი მზის, ძღვისა და მიწის მადლი, ჯანმრთელი ჰაერი და მადლიანი ბუნება, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათ იცოდნენ როგორ მოქცეოდნენ ღვთისაგან ბოძებულს, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ მშობელ დედას, მიწას, ტყეს, მთასა და უფლის სიტყვას, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საკუთარ თავსა და ყოველივეს რაც მათ სწორად, სიმართლით ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის ქონაში, გულისა და გონის, სულისა და ზნეობის ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარებოდათ...

მოდიოდნენ სიმღერით, თავაწეულები, თავდაჭერილი ღიმილით, გულგახსნილები და შუბლგახსნილები, მათ ყოველ მოძრაობაში იკითხებოდა ცეკვა, ცეკვა კოსმიური და მართალი...

 უყურებდნენ ადამიანები მხედრებს და ხედავდნენ ახდენილ ოცნებას, ხვდებოდნენ რომ ვერცერთი ომი, ვერცერთი სოციალური წყობის განვითარება, ფილოსოფიური თუ რელიგიური მინდინარეობა, ვერცერთი მეცნიერება თუ ტექნიკური საშუალება ვერ შექმნიდა ამ ოცნებას, უნაკლო ადამიანს, რომელსაც შეეძლო დანახვისთანავე მოეხიბლა მნახველი, მიეღო და გაესტუმრებინა ისე რომ აუცილებლად თავი შეეყვარებინა, ღვთისთვის ზომიერად, უნაკლოდ მიეგო საკადრისი და ადამიანისთვის უზომოდ გული....

ადამიანები ხვდებოდნენ რომ მათ დაინახეს შედეგი იმისა რისკენაც მიისწრაფვოდნენ, და მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, მსოფლმხედველობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას უხაროდა, ყველას უჩნდებოდა რწმენა, იმედი და განცდა იმისა, რომ იდეალი არსებობს, მხედრების სილაღე მათაც ედებოდათ და ამავდროულად გული სწყდებოდათ, აქამდე რომ არ ჰყავდათ ნანახი ეს იდეალური ადამიანები...

მხედრები კი მოდიოდნენ და მოჰქონდათ მათთვის პასუხი ყველა კითხვაზე, მართალი სიტყვა, ლაღი სიმღერა და კოსმიური ცეკვა, რომლებითაც მართლა შეეძლოთ კაცობრიობის გადარჩენა, უნიკალური ერის შვილები:

ქართველები მოდიოდნენ!...


ტატო
2003წელი 20დეკემბერი

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *