რა კავშირია ვიზალიბერალიზაციას, „ლიბერასტებსა“ და „ჯვარქუდებს“ შორის?

2015 წელი საკმაოდ საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული იყო, ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა წლის ბოლოს დიდი ზარზეიმით აღნიშნული ვიზალიბერალიზაცია და ცისფრად განათებული ქვეყანა ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იყო:
  • ევროპამ კარი გაგვიღო… (და რა?!…)
  • ჩვენ ვიბრუნდებით იქაურობას, სადაც ჩვენი ადგილია… (იცი კი სადაა შენი ადგილი?)
  • როგორც კი ევროპაში მიმოსვლას შევძლებთ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება… (რატომ ვითომ, უფრო ბევრ მოპარულ მეორად ტექნიკას შემოიტანთ და გაიაფდება?)
მოკლედ ბევრს გაუხარდა, გაუხარდა კი არა, ჩემოდნების ჩალაგება დაიწყეს, გეგონება იმდენი საქმე ქონდეთ ევროპაში რომ ვერ აუდიან და აღარ იციან რით დაიწყონ…
თუმცა ცალსახად იმის თქმა, რომ ლიბერალიზაციამ ყველა მოხიბლა რთულია:
  • რა გინდათ ამ ევროპისგან, გარყვნილების და ერთ სქესიანთა ქორწინების გარდა რას ისწავლით იქ…(ბეთჰოვენს, გოეთეს, კაფკას, მოდილიანს და ა.შ ოღონდ ნამდვილს და არა საბჭოთა სკოლიდან ფრაგმენტულად ნასწავლს)
  • ამათ უნდათ ყველანი წავდეთ, ქართველობას გვართმევენ ხალხნო… (დაეტიე მერე სადაც ხარ, ვინ გექაჩება?)
  • ევროპა რომ კარგი იყოს, ისეთი საშნელებები მოხდებოდა იქ როგორიც ხდება?… (მაინც რა ხდება ისეთი რაც შენთან ან სხვაგან არ ხდება?)
ამათთვის ვიზალიბერალიზაცია როგორც ჩანს კარგი კი არა, დამღუპველიც კი ყოფილა, გამარტივდება თუ არა ვიზები, მაშინვე წაგვართმევენ ქართველობას და გადავჯიშდებით…
არადა სუბიექტურად მინდა ვთქვა, რომ ორივე ცდება, ცდება და თან არა იმიტომ, რომ რამეს მართლა გვართმევენ – ან არ გვართმევენ (რაც არ გვაქვს რა უნდა წაგვართვან?!)  არამედ იმიტომ, რომ თავად მათ აქვთ პრობლემები აზროვნებაში, მთავარი პრობლემა კი ზერელე ცოდნა ან ცოდნის საერთოდ არქონაა, შესაბამისად ჩნდება ის მძიმე მდგომარეობა, რაც ორივე რადიკალურ მხარეს ახასიათებს…
თავად არ არიან დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობენ (ან იძახიან), ვერ ასაბუთებენ, საკუთარ თავთან ხშირად წინააღმდეგობაში მოდიან და ამის გამო აგრესია ეძალებათ, ასე მაგალითად;
როგორ შეიძლება 24 საათი ლანძღავდე პატრიარქს და სარწმუნოებას, საკუთარ თავს ლიბერალს ეძახდე და სხვას შეურაცხყოფას აყენებდე, მაშინ როდესაც ყველაზე დიდი ლიბერალი და სათნოების მქადაგებელი ქრისტეა, ქრისტე რომლის მოძღვრების მიმდევრებსაც აძაგებ და ამუნათებ… (რამდენად აქვთ მის დღევანდელ მიმდევრებს ქრისტესთან კავშირი ეგ ცალკე საქმეა, მაგრამ თავად რელიგიის და ინსტიტუციის ლანძღვაზე ვსაუბრობ ამჯერად და არა პერსონებზე)… რანაირად ხარ ლიბერალი, როდესაც ვერ იტან განსხვავებულ აზრს და არ აღიარებ იმას, რომ შეიძლება ადამიანს სხვა ტიპის მენტალიტეტი გააჩნდეს, ცდილობ აიძულო იაზროვნოს შენსავით, არადა ლიბერალიზმი ხომ ისიცაა, სხვების მიმართ და განსხვავებული აზრის მიმართ შემწყნარებელი და ტოლერანტი რომ ხარ?!…
არადა მარტივია, თუ არ გინდა ნუ ხარ მრევლი, გადართე სხვა არხზე როცა პატრიარქის ქადაგებას ანახებენ, ნუ შეხვალ ტაძარში და აღარ იარსებებს შენს ცხოვრებაში ეს მოვლენა…
არც მეორე რადიკალურ მხარესაა საქმე უკეთ, აქაც აგრესია, აქაც შიშები და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, თავსმოხვევა და ფსევდო ტრადიციების მიმდევრობა, ტრადიციების რომლების არც არსი იციან და არც ის – მართლა ტრადიციაა რაღაც, თუ ახლო წარსულში შემოპარული მახინჯი მოვლენა…
არადა ამათაც აქვთ თავისი სივრცე და არავინ არ უზღუდავთ მას, არავინ აიძულებს თავისი სქესის ადამიანთან ქორწინებას, არავინ აიძულებს ქორწინების გარეშე სექსს, არავინ აიძულებს საკუთარ სახლში ისე არ მოიქცეს როგორც უნდა… და მაინც ძალადობს, მაინც დასდევს სექსუალურ უმცირესობებს ქუჩა ქუჩა, მაინც ცდილობს სხვისი აზრის შეურაცხყოფას და როგორც კი რამე განსხვავებულს გაიგებს, ამ განსხვავებულის მთქმელს მაშინვე  ურჯულოს, ქართველობის დამაქცევარსა და მასონების შემოგზავნილს უწოდებს…
არადა მარტივია, წადი ილოცე სადაც გინდა, იცხოვრე როგორც გინდა, აკეთე რაც გინდა (მაგრამ მე ნუ შემეხები, დამიტოვე უფლება ვიყო განსხვავებული) და აღარ გექნება პრობლემა…
დიახ ბატონო, ასე მარტივდაა (ჩემი მოკრძალებული სუბიექტური აზრით რა თქმა უნდა) როცა იცი რას აკეთებ, რატომ აკეთებ და გჯერა (ოღონდ მართლა გჯერა ან მართლა გაქვს ინფორმაცია იმაზე რასაც „ქადაგებ“) იმის როგორც ცხოვრობ, მაშინ არ მოგინდება „სხვის მოედანზე ბრძოლა“, აღარ მოგინდება როგორც კი შენი ათეიზმში ეჭვი შეგეპარება მიუვარდე რელიგიას და ის გააქრო შენი ცხოვრებიდან, აღარ მოგინდება რომ როგორც კი შენს რწმენაში ეჭვი შეგეპარება მაშინვე უმცირესობებს დააბრალო შენი ეჭვები და ისინი გააქრო შენი ცხოვრებიდან…
და ევროპა, რა კავშირშია ევროპა ამ ყველაფერთან?!… იმ კავშირშია, რომ ვიზალიბერალიზაცია კარგია, წავლენ მეტ ინფორმაციას მიიღებენ მათთვის სათაყვანებელ – საძულველ, ევროპაზე (სხვათაშორის როდესაც ცოდნაზე ვსაუბრობთ, არც აღმოსავლური, ან ჩვენი საკუთარი – კავკასიური ცოდნებია ხელწამოსაკრავი, მაგრამ ამჯერად „ტრენდია“ ევროპა და ამიტომ ვსაუბრობ ევროპაზე) და შესაბამისად ნაკლებად რადიკალური გახდებიან, რაც მემგონი ურიგო ნამდვილად არ უნდა იყოს….
გმადლობთ ყურადღებისათვის, მე ისევ დაგიბრუნდებით…

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *